ხელმოწერა დეფოლტზე - პუტინმა საგარეო ვალის რუბლებში გადახდის განკარგულება გასცა

რუსეთი ევროობლიგაციებით ნაკისრ ვალდებულებებს უცხოური ვალუტის ნაცვლად, რუბლებში გადაიხდის. შესაბამის განკარგულებას ხელი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოაწერა, რომელიც საგარეო ვალუტაში სახელმწიფო ვალის გადახდის დროებით პროცედურას აწესებს. დოკუმენტი სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნდა.

დოკუნეტების თანახმად, სახელმწიფო ევროობლიგაციებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად იქნება აღიარებული საგარეო ვალის რუბლებში მომსახურების შემთხვევაში გადახდის დღეს შიდა ბაზარზე არსებული კურსით. მთავრობამ 10 დღის ვადაში უნდა განსაზღვროს უფლებამოსილი ბანკების სია, რომლებიც სახელმწიფო ობლიგაციების მფლობელებს გადასახდელად მიიზიდავენ.

მანამდე ფინანსთა მინისტრი, ანტონ სილუანოვი აცხადებდა, რომ ეს გადახდები იმ ბანკების მეშვეობით განხორციელდება, რომლებსაც უცხოური ვალუტით მუშაობა შეუძლიათ. მისი თქმით, ლოგიკა იმაში მდგომარეობს, რომ არსებულ პირობებში მთავრობამ საშუალება მისცეს ობლიგაციების უცხოელ მფლობელებს, მიიღონ გადახდები რუბლებში უცხოურ ვალუტაში შემდგომი კონვერტაციის შესაძლებლობით, ხოლო ეს კონვერტაცია დროში განსაზღვრული არ იქნება.

„ცხენს წყლის დასალევ ადგილას მივიყვანთ, თუმცა დალევას ვერ დავაძალებთ. ჩვენ უბრალოდ წყალთან მის წვდომას ვუზრუნველყოფთ,“ - აცხადებს სილუანოვი.

ახლახან Bloomberg წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ უოლ სტრიტის ორი საინვესტიციო ბანკი, JPMorgan Chase & Co და Goldman Sachs Group რუსეთის სუვერენულ და კორპორაციულ ვალებზე გარიგებების დამუშავებაზე უარს ამბობენ. 6 ივნისს აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გამოცხადებული ახალი ფინანსური სანქციების მიხედვით, ამერიკელ ინვესტორებს რუსეთის მიმდინარე და ახალი ვალების შესყიდვა აეკრძალათ. ამასთან, მაისის ბოლოს აშშ-ის ხაზინამ აღარ განაახლა გენერალური ლიცენზია, 9C , რომელიც რუსეთს თავისი საგარეო ვალის მომსახურების საშუალებას აძლევდა.

სარეიტინგო სააგენტო Moody's-ის შეფასებით, ევროობლიგაციების დოლარის ნაცვლად, რუბლით გადახდა შესაძლოა, დეფოლტად ჩაითვალოს. რუსეთს 1917 წლის რევოლუციის შემდეგ საგარეო ვალზე დეფოლტი ჯერ არ დაუშვია. ანტონ სილუანოვმა პირობა დადო, რომ ევროობლიგაციებზე დეფოლტის „ხელოვნურად“ გამოცხადების შემთხვევაში, რუსეთი სასამართლოს მიმართავს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ