დოლარისა და ევროს შემდეგ რუსეთში ფუნტ სტერლინგიც აღარ შევა

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კვლავ გააფართოვა. ახალი შეზღუდვები ფინანსური და საბროკერო მომსახურების აკრძალვას გულისხმობს. ასევე, რუსეთში ევროპული ვალუტისა და ფუნტი სტერლინგის, ნავთობგადამამუშავებელი ინდუსტრიის რიგი საქონლისა და ტექნოლოგიების შეტანა აიკრძალა.

ბრიტანეთის მთავრობის ახალი ზომების სიაში, სახელწოდებით „შეტყობინება ექსპორტიორებისთვის,“ რუსეთში საექსპორტოდ აკრძალული პროდუქტების ჩამონათვალი არის მოცემული. ეს არის:

  • „შიდა რეპრესიებისთვის“ საჭირო საქონელი და ტექნოლოგიები
  • ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის წარმოების კომპონენტები და ტექნოლოგიები
  • საზღვაო ტვირთების გადაზიდვისა და ზოგადად, საზღვაო ტექნოლოგიები
  • ნავთობგადამუშავების ტექნოლოგიები და აღჭურვილობა
  • დამატებითი ტექნოლოგიები და კომპონენტები რუსეთის ფედერაციის ძირითადი ეკონომიკური სექტორებისთვის

მანამდე მსგავსი ფინანსური შეზღუდვები შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა შემოიღეს. კერძოდ, მარტში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც რუსეთისთვის დოლარის კუპიურების მიწოდებას კრძალავს, ხოლო მარტის დასაწყისიდან რუსეთში ევროს ბანკნოტების ექსპორტი ევროკავშირმაც აკრძალა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ