არსებული მონაცემებით, ლარი უახლოეს მომავალში უნდა დასტაბილურდეს

სავალუტო კრიზისი დაახლოებით მაისისთვის დასრულდება.

ამის შესახებ "პსპ"-ს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, კახა ოქრიაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის წარმომადგენლებისა და ბიზნესმენების შეხვედრის შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, ამ პერიოდისთვის ლარის კურსი დოლართან მიმართებაში უკვე ერთი ორთან იქნება."გიორგი კვირიკაშვილმა კრიზისიდან გამოსასვლელად მოკლევადიანი გეგმა წარმოგვიდგინა. დაახლოებით მაისისთვის სავალუტო კრიზისი აღარ იქნება და იმ პერიოდისთვის ჩემი პროგნოზია – ლარის კურსი იქნება ერთი ორთან", - განაცხადა ოქრიაშვილმა.

ლარის უახლოეს მომავალში დასტაბილურებაზე საუბრობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძეც. "დღევანდელი მდგომარეობით ჩვენ მივიღეთ ლარის 30%-იანი გაუფასურება. ეს ჯერ ბოლომდე არ ასახულა იმპორტზე. იმპორტზე ასახვა მოხდება და დაწყებულია, რაც ნიშნავს, რომ იმპორტი შემცირდება. იმპორტის შემცირება თავისთავად ნიშნავს ნაკლებ მოთხოვნას უცხოურ ვალუტაზე. შესაბამისად, ლარი არსებული მონაცემებით, უახლოეს მომავალში უნდა დასტაბილურდეს", - განაცხადა ქადაგიძემ. მისივე თქმით, მოკლევადიან მერყეობაზე მოლოდინები ყოველთვის ახდენს გავლენას და ეს ყველაზე ნათლად ჩანს მაშინ, როცა ოფიციალური კურსი და კომერციული კურსები ერთმანეთისგან განსხვავდება და ყიდვა-გაყიდვის კურსებს შორის სხვაობა იზრდება.

"როგორც წესი, ყოველთვის ეს არის რამდენიმედღიანი შუალედი. როგორც კი გარკვეული ტიპის აჟიოტაჟი და მოლოდინები ამასთან დაკავშირებით დაწყნარდება, ეს ყველაფერი დაუბრუნდება სტაბილურ, ნორმალურ მარჟებს, რომელიც მანამდე იყო", - აღნიშნა ქადაგიძემ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტებით, ეროვნულ ბანკს აქვს საკმარისი სავალუტო რეზერვი, რომელიც ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას უზრუნველყოფს.

"ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის გარანტი არის ეროვნული ბანკი და ეს ასეც იქნება, როგორც აქამდე იყო. ჩვენ ეს არაერთხელ დაგვიმტკიცებია. მეორე მხრივ, გვაქვს ეკონომიკური შოკი, რომელზეც ხდება რეაგირება. კურსი ამის შედეგად უკვე გაუფასურდა - 30%-იანი გაუფასურება არის სამწუხაროდ, საკმაოდ მნიშვნელოვანი გაუფასურება, რომელიც ახლა იმპორტზე აისახება. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, ველოდებით, რომ ლარი დასტაბილურდება", - განაცხადა მან. ქადაგიძის თქმით, იმისთვის, რომ ლარის კურსს ჰქონდეს გამყარების მიმართულება,  უნდა გამოსწორდეს ფუნდამენტური ფაქტორები და ქვეყანაში სავალუტო შემოდინებები გაიზარდოს.