ირაკლი კობახიძის განცხადებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ „ნაციონალური ბუნდოვანება“ უნდა ერქვას

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ „ნაციონალური ბუნდოვანება“ უნდა ერქვას.

კობახიძე ორგანიზაციის მიერ კორუფციის ინდექსთან დაკავშირებით დღეს გამოქვეყნებულ ინფორმაციას სამარცხვინოს უწოდებს.

„გამოაქვეყნეს რაღაც, ვითომ რუსულ კავშირებზე, ნული ფაქტით. სამარცხვინოა. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ უნდა ერქვას „ნაციონალური ბუნდოვანება“. საპირისპიროა იმისა, რაც ჰქვია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მთავრობა ხშირად იყენებს საერთაშორისო რეიტინგების არასწორ ინტერპრეტაციას ქვეყანაში არსებული რეალური პრობლემების დასამალად. ამასთან, ორგანიზაციის ცნობით, „მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გავლენა ძირითად ინსტიტუციებზე სახელმწიფოს მიტაცების განმარტებაში ჯდება, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა ფორმალურად დატოვა პოლიტიკა“.