ელენე ხოშტარია - სოლიკო ვირსალაძის ფული არის არა რუსული, არამედ საქართველოსთვის საამაყო ფული

სოლიკო ვირსალაძის ფული არის არა რუსული ფული, არამედ საქართველოსთვის საამაყო ფული - ბუნებაში არ არსებობს, რომ გოგი ხოშტარია, სოლიკო ვირსალაძე და ელენე ხოშტარია რუსეთის აგენტად გამოიყვანოთ, - ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

ელენე ხოშტარიამ მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მისი და მისი ოჯახის წევრების ანგარიშების დოკუმენტაციის ნახვისკენ მოუწოდა.

„მას შემდეგ, რაც მე სანქცირებაზე კონკრეტული ადამიანების საქმეების გამოძიება და სანქცირებაზე ლაპარაკი დავიწყე, გასაკვირი არ არის, რომ როგორც სხვა დროს, ვთქვათ, ან ჩემს სწავლასთან დაკავშირებული, ან ჩემ ოჯახზე ამოღებული ინფორმაციის მიხედვით, ჩემ მიმართ აბსოლუტურად ტყუილზე დაფუძნებული „შავი პიარი“ იწყება.

სოლიკო ვირსალაძე 30 წლის წინ გარდაიცვალა, ის დღეს არ დარბის რუსეთში, განსხვავებით სხვა რუსეთთან დაახლოებული ხელოვანი პირებისგან და ომის პირობებში ამის გაკეთება კატეგორიულად მიუღებელია. ის 40-იანი წლებიდან, როდესაც მისი ოჯახი რეპრესირებული იყო, სუხიშვილების კოსტიუმებთან ერთად მან მსოფლიოსთვის ძალიან დასაფასებელი ნამუშევრები შექმნა, რომლებიც დღემდე პარიზის, ნიუ იორკის, იაპონიის, ესპანეთისა და სხვადასხვა სცენაზე იდგმება.

სოლიკო ვირსალაძის ფული არის არა რუსული ფული, არამედ საქართველოსთვის საამაყო ფული. სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრე არის მამაჩემი და ასევე, ლევან აბაშიძის დედა, მანანა ხიდაშელი. ამიტომ ეს არ არის რუსეთის ფული, ეს არის ტყუილი. აბსოლუტურად ყველა, ნეიტრალურ, დამაჯერებელ არაპროპაგანდაში გასვრილ ტელევიზიას, თუ არასამთავრობოს, ყველა ჩემი ანგარიშის, ჩემი ოჯახის ანგარიშების დოკუმენტების ნახვისკენ მოვუწოდებ.

მე არ მიკვირს იმიტომ, რომ რაც „ქართულმა ოცნებამ“ ივერი მელაშვილს უქნა, მას შემდეგ არაფერია გასაკვირი. ნებისმიერი სიბინძურე ამ ხელისუფლებისთვის მისაღებია. ერთ რამ მინდა გითხრათ, რომ სოლიკო ვირსალაძით ვერ გადაფარავთ უჩა მამაცაშვილის, ირაკლი რუხაძის, ოთარ ფარცხალაძის, ჩინჩალაძეების, შოთაძეების, ჯარჯი წიკლაურების და სხვა ოლიგარქების ბინძურ სქემას,“ – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.