„თუ თანამშრომელი  ღირებულია, დამსაქმებელს შეუძლია უყიდოს ზონალურ-საათობრივი პარკირების აბონემენტი“

1-ლი ივლისიდან თბილისის კიდევ 32 ქუჩქაზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება.

რადიო „პალიტრასა“ და „პალიტანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ მერიის ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ მიზანი ურბანული სივრცის სწორად განაწილებაა.

ვიქტორ წილოსანის თქმით, ადამიანებს, რომლებსაც სამსახურის გამო დიდი ხნით უწევთ ავტომობილის გაჩერება და საფასურიც მაღალია, შეუძლიათ საშვები კომპანიებმა შეუძინონ, თუ ისინი ღირებული თანამშრომლები არიან.

„ეს არ არის დედაქალაქის მცხოვრებლებისთვის სიახლე. 2 წელზე მეტია, დავიწყეთ ეს რეფორმა და მაშინვე დავაანონსეთ, რომ ადგილებში, სადაც მაღალი მობილობაა, მოხდება ზონალურ-საათობრივი პარკირების შემოღება. იმ შემთხვევაში კი, თუ ესეც არ გახდება საკმარისი, დაემატება ქუჩები და ასევე, ვინც აპლიკაციით სარგებლობს არის A,B და C კატეგორია და შემდეგში, ტარიფიც იმის მიხევდით გაიზრდება, ვიდრე არ მივაღწევთ ოქროს შუალედს, რომელიც დაგეგმილია. ვგულისხმობ, რომ 80% იყოს პარკირებებით დატვირთული 20% კი ცარიელი. მოქალაქეებისთვის, რომლებსაც მოკლე პერიოდში მართლა ესაჭიროებათ გადაადგილება.

იცით, რომ მაღალი მობილობის უბნებში იქ მცხოვრებლებსაც აქვთ ხოლმე პარკირების პრობლემა, ამიტომ მათთვის 100 მეტრის რადიუსში პარკირება უფასოა. მთავარია ისინი დარეგისტრირდნენ და თავიანთ საკუთრებაში შეეძლებათ 2 ავტომობილის დარეგისტრირება. სხვა, არავისთვის იქნება შეღავათი.

პარკირება არის კერძო ავტომობილით გადაადგილების წახალისება. მუნიციპალიტეტს რამდენიმე ბერკეტი აქვს, რომ ამის წახალისება არ მოხდეს. ჩვენი მიზანია, ურბანული სივრცის გამოყენების შესაძლებლობა თანაბრად ჰქონდეს ყველას. შემდეგ, ადამიანებმა თვითონ უნდა აირჩიონ რით გადაადგილდებიან და რამდენს გადაიხდიან. ადგილებში სადაც გვაქვს გადაადგილებასთან დაკავშირებით პრობლემები, წესდება შეზღუდვები, რომლებიც ახლა დავაწესეთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, მხოლოდ ურბანული სივრცის სწორი გადანაწილებისთვის. პრიორიტეტი კი მხოლოდ, იქვე მცხოვრებელ ადამიანებს ენიჭებათ.

რეფორმით, რომელიც დაწყებული გვაქვს დასახლებული პუნქტების თითქმის 100% არის დაფარული და შესაბამისად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის წვდომა არის ყველგან.

რაც შეეხებათ ადამიანებს, რომლებიც დედაქალაქის შემოგარენში ცხოვრობენ და თბილისში მუშაობენ, რა თქმა უნდა, შეუძლია გააჩეროს მანქანა. ვინმეს თუ სჭირდება ეს მუდმივად, გვაქვს 1-წლიანი აბონემენტი, რომელიც 800 ლარი ღირს. ასევე, კერძო სექტორს, თუ თანამშრომელი მისთვის მნიშვნელოვანი და ღირებულია, შეუძლია უყიდოს აბონემენტი. თვეში დაახლოებით 65 ლარი გამოდის. ყველანაირი ნიშნისმოგების გარეშე ვამბობ ამას. მერწმუნეთ, თუ მას ჰყავს თანამშრომლები, რომლებსაც შეუძლიათ ავტომობილი იყიდონ, საწვავი ჩაასხან, დაახლოებით 3-4%-ით მოუწევთ ხელფასის ზრდა. ან შეიძლება კონსენსუსი მოიძებნოს და ნახევარი თავად გადაიხადონ, ნახევარი სამსახურმა. ასე რომ, თუ თანამშრომელი მნიშვნელოვანი და ღირებულია, დამსაქმებელს შეუძლია უყიდოს ზონალურ-საათობრივი პარკირების აბონემენტი.

მე, პირდაპირ ვამბობ, თანამშრომლებს, რომლებზეც საჭიროდ ვთვლი, რომ ავტომობილით იმოძრაონ, გუშინ გავეცი დავალება შევუძინოთ საშვები. პეკინის მაგალითზე თავდაპირველად იყო შოკური მიდგომა, მაგრამ ახლა 90%-ზე მეტი დატვირთვა არ გვაქვს, მაგრამ ეს მოხდა იმის ხარჯზე, რომ ავტომობილებმა გადაინაცვლეს ქუჩებზე, რომლებზეც ახლა ამოქმედდება ზონალური პარკირების სისტემა. სადმე თუ ისევ შეიქმნება პრობლემა, იმ ქუჩებზეც დაწესდება იგივე მექანიზმი“ - განაცხადა ვიქტორ წილოსანმა ,,საქმეში“.

მისივე თქმით, შშმ პირებისთვის და ელექტრო ავტომობილებისთვის პარკირება იქნება უფასო, ხოლო ტაქსებისთვის დარჩება სივრცეები, სადაც ასევე, უფასოდ შეძლებენ ავტომობილების გაჩერებას.

შეგახსენებთ, 2022 წლის 1-ელი ივლისიდან, თბილისში, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა საბურთალოსა და ისნის რაიონებში, ჯამში 32 ქუჩაზე ამოქმედდება, აქედან 31 ქუჩა საბურთალოს რაიონშია.

თამარ მუკბანიანი