უკრაინულმა McDonald’s-მა მუშაობა შესაძლოა, აგვისტოში განაახლოს

უკრაინული McDonald’s უსაფრთხოების პროტოკოლს აახლებს და მიწოდების ჯაჭვის აღდგენაზე მუშაობს. ქვეყანაში McDonald’s-ის ქსელის აღდგენაზე დისკუსია მიმდინარეობს. ამის შესახებ ადგილობრივი განყოფილების აღმასრულებელმა დირექტორმა, იულია ბადრიტდინოვამ უკრაინულ Forbes-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.

მისი თქმით, McDonald’s-ის თითოეული რესტორნის ადგილი ახლომდებარე თავშესაფრების კუთხით გადამოწმდება, რადგან როცა საჰაერო თავდასხმის განგაში ირთვება, რესტორნები სასწრაფოდ უნდა დაიხუროს, ეს კი თავისთავად საკმაოდ რთული პროცესია.

„McDonald’s საჰაერო განგაშის დროს არ იმუშავებს. რესტორანი, ფაქტიურად, მინიქარხანაა რთული აღჭურვილობითა და ვიზიტორთა დიდი რაოდენობით, ამიტომ მისი სასწრაფო წესით დახურვა მეტად რთული პროცესია,“ - აცხადებს იულია ბადრიტდინოვა.

მისი თქმით, კომპანია, ასევე, მიწოდების ჯაჭვის აღდგენაზე მუშაობს. მართალია, McDonald’s-ის მიმწოდებლების უმეტესობა მუშაობს, მაგრამ განადგურებული ინფრასტრუქტურის გამო არის პროდუქტების გარკვეული კატეგორია, რომლის შეძენაც ქსელს სხვა რეგიონებიდან ან ქვეყნებიდან უწევს. კერძოდ, საუბარია შეფუთვაზე, გრძელვადიანი შენახვის წვენებსა და სოუსებზე.

კომპანია ადამიანების ცოდნისა და უნარების განახლების მიზნით ტრენინგებს ამუშავებს, ასევე, პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობასთან მომუშავე ტრენინგებს ავითარებს.

კიევში McDonald’s-ის ერთ-ერთი რესტორნის მენეჯერმა უკრაინულ Forbes-ს განუცხადა, რომ თუ უსაფრთხოების ყველა პროტოკოლი იქნება შეთანხმებული, ობიექტი აგვისტოში გაიხსნება.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უკრაინის მთავრობა McDonald’s-ის ქსელის ხელმძღვანელობასთან უკრაინაში მუშაობის განახლების შესახებ მოპალარაკებებს მართავდა.

ქსელის რესტორნები 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, უსაფრთხოების მიზნით დაიხურა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ