დავით სერგეენკოს განცხადებით, ქამრების შემოჭერა მხოლოდ ადმინისტრაციულ ხარჯებს შეეხება

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ქამრების შემოჭერის პოლიტიკის ფარგლებში უწყება რომელიმე სოციალური ან ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსების შემცირებას არ გეგმავს.

როგორც დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თემის კომენტირებისას განმარტა, შემცირება მხოლოდ ადმინისტრაციულ ხარჯებს შეეხება. მისივე თქმით, გეგმაში არ მოიაზრება სამინისტროში კადრებისა და ხელფასების შემცირება. "მე უკვე დავავალე ადმინისტრაციულ სამსახურს საწვავის ლიმიტებზე განმეორებითი ინვენტარიზაციის ჩატარება, ვეცდებით ეს სამინისტროს აპარატისთვის მნიშვნელოვნად ჩამოვწიოთ. ასევე ვეცდებით ხარჯეფექტური კომუნალური გადასახადების მხრივ გავაკეთოთ ეკონომია და ეს არის პირველი რიგის ამოცანა", - განაცხადა დავით სერგეენკომ.