ოთარ დანელიამ და მეფუტკრეთა გილდიის გამგეობის თავმჯდომარემ დარგის პერსპექტივებზე ისაუბრეს

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია მეფუტკრეთა გილდიის გამგეობის თავმჯდომარეს, გიორგი კეპაშვილს შეხვდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მეფუტკრეთა გილდიის გამგეობის თავმჯდომარემ მინისტრს მეფუტკრეობის დარგის განვითარების მიზნით გილდიაში შექმნილი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ძირითადი მიმართულებები გააცნო. მათივე ცნობით, საუბარი შეეხო მეფუტკრეობის დარგის კვალიფიციური სპეციალისტების მომზადების და ამ მიმართულებით სხვადასხვა პროექტის განხორციელების მნიშვნელობას; ასევე, საერთაშორისო სტანდარტის ლაბორატორიის არსებობას, რაც თაფლის ექსპორტის ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი ფაქტორია.

"მეფუტკრეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის პრიორიტეტული დარგია. ჩვენ ვიცით, რომ არსებობს პრობლემები და საჭიროა თანმიმდევრული ქმედებები იმისათვის, რომ მეფუტკრეობა განვითარდეს და თაფლის საექსპორტო პოტენციალი მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული", - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

ოთარ დანელიამ მეფუტკრეთა გილდიის გამგეობის თავმჯდომარეს სთხოვა, მეფუტკრეობის დარგის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებისა და დარგის ექსპერტებისთვის გამართოს.