Der Spiegel - გერმანია Nord Stream 2-ის ნაციონალიზაციას განიხილავს

გერმანიის ეკონომიკის სამინისტრო ქვეყანაში მდებარე ჩრდილოეთ გაზსადენის ნაწილის ნაციონალიზაციის შესაძლებლობას განიხილავს. საუბარია მილსადენის გერმანული ნაწილის დანარჩენისგან იზოლირებასა და თხევადი ბუნებრივი გაზის (LNG) მოძრავ ტერმინალთან დაკავშირებაზე. ინფორმაციას Der Spiegel წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე თქმით, გერმანიის ეკონომიკის სამინისტრო ამ ინფრასტრუქტურას იდეალურად მიიჩნევს და ქვეყნის სამხრეთ ნაწილში გაზის ტრანსპორტირებისთვის მის გამოყენებას აპირებს. თუმცა საკუთრების უფლება, გამოცემის ცნობით, სირთულეებს იწვევს. მარტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მილსადენის ოპერატორმა, Nord Stream 2 AG-მა, აშშ-ის სანქციების გამო, გაკოტრების შესახებ განცხადება შეიტანა, თუმცა მოგვიანებით კომპანიამ ამ პროცედურის დაწყება არ დაადასტურა, ხოლო მაისში შვეიცარიის სასამართლომ Nord Stream 2 AG-ის გაკოტრების პროცესი 10 სექტემბრამდე შეაჩერა და კრედიტორებისთვის სესხის გადახდაზე კომპანიას დროებითი მორატორიუმი მიანიჭა. დროებით მმართველად კომპანია, Transliq AG დაინიშნა.

ამასთან, Der Spiegel წერს, რომ გერმანია მოსკოვის მხრიდან საპასუხო ქმედებებს, კერძოდ, რუსეთში გერმანული კომპანიების ნაციონალიზაციას უფრთხის. გამოცემის ცნობით, „გაზპრომი“ გაზსადენის ექსპლუატაციის ორ-სამ წელიწადში განახლებას მოელის და Nord Stream 2-ს ჯერ კიდევ ემსახურება, რომ მილსადენმა მოკლევადიან პერსპექტივაში ვარგისიანობა არ დაკარგოს. გამოცემის წყაროების თანახმად, გერმანიის ხელისუფლება, ასევე, Nord Stream 2-ის პარალელურად მილსადენის აშენებას გეგმავს.

პუტინის პრესსპიკერ დიმიტრი პესკოვის თქმით, Nord Stream 2-ის გერმანიის ნაწილის ნაციონალიზაციის ალბათობაზე კომენტარის გაკეთება ჯერჯერობით შეუძლებელია, რადგან ბერლინს ამ მიმართულებით კონკრეტული ამ დროისთვის არაფერი მოუმოქმედებია.

„ჯერ ვერ შევაფასებთ, რადგან ოფიციალური განცხადებები არ გაკეთებულა. ნუ ჩავერევით ჰიპოთეტურ მსჯელობაში! თუ კონკრეტული რამ გაირკვევა, მაშინ ასეთი ქმედებების სამართლებრივი შეფასება, პირველ რიგში, იურისტების მოვალეობა იქნება,“ - განუცხადა პესკოვმა „ინტერფაქსს.“

რუსეთმა გაზსადენ Nord Stream 2-ის მშენებლობა გასულ წელს დაასრულა. პროექტს სერტიფიცირების პროცედურა უნდა გაევლო, თუმცა გერმანიამ ეს პროცესი მას შემდეგ შეაჩერა, რაც მოსკოვმა ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. მაისში „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Nord Stream 2-ის სიმძლავრეებს ჩრდილო-დასავლეთ რუსეთის გაზიფიცირებისთვის გამოიყენებდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ