"საქსტატმა" მოსახლეობის საყოველთაო აღწერის სამუშაოებიდან მიღებული მონაცემების დამუშავება დაიწყო

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის საველე სამუშაოებიდან მიღებული მონაცემების დამუშავება დაიწყო.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, ინფორმაცია "საქსტატის" წყნეთის ოფისში ელექტრონულად მუშავდება. მათივე ინფორმაციით, მონაცემთა შეყვანისა და დამუშავების პროცესში 300 ადამიანზე მეტი დასაქმდა.

როგორც სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში აცხადებენ, მონაცემთა საბოლოო დამუშავების შედეგად ცნობილი გახდება მოსახლეობის რიცხოვნობა, მათი სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურა, ეთნიკური შემადგენლობა, დასაქმების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობა, საარსებო წყაროები, საცხოვრებელი პირობებისა და სასოფლო-სამეურნეო აქტიურობის შესახებ ინფორმაცია.

მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014 წლის 5 ნოემბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის საყოველთაო აღწერასთან ერთად სასოფლო-სამეურნეო აღწერაც განხორციელდა. აღწერის წინასწარი მონაცემები 2015 წლის აპრილში, ხოლო საბოლოო - 2016 აპრილში გამოქვეყნდება.