უკრაინაში ინტერნეტ რეკლამის ბაზარი გაიზარდა

უკრაინაში არსებული ვითარებისა და კრიზისის ფონზე 2014 წელს ინტერნეტ რეკლამის ბაზარი გაიზარდა.

უკრაინის სარეკლამო კოალიციის ცნობით, გასულ წელს ინტერნეტ რეკლამის ბაზარი წინა წელთან შედარებით, 3%-ით გაიზარდა და ჯამში 2,115 მილიარდი გრივნა შეადგინა.

ამასთან ერთად, გასულ წელს მედია რეკლამის მოცულობამ 1 მილიარდ გრივნას გადააჭარბა.

უკრაინის ინტერნეტ ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 2014 წელს ქვეყანაში მედია რეკლამის მოცულობამ 1,014 მილიარდი გრივნა შეადგინა და 2013 წელთან შედარებით, მედია რეკლამის ბაზრის მოცულობა 10,7%-ით გაიზარდა, რეკლამის პირდაპირმა გაყიდვებმა კი 42% შეადგინა.

ასოციაციის ინფორმაციით, ბანერულმა რეკლამამ მედია რეკლამის თითქმის ნახევარი - 49,1% შეადგინა, in-stream video-მ - 27,9%, ხოლოდ in-page video-მ - 7,6%.

ადგილობრივი ექსპერტების განცხადებით, გრივნას გაუფასურების გამო, ამ ეტაპზე რთულია პროგნოზის გაკეთება, თუ რამდენით გაიზრდება ინტერნეტ რეკლამის ბაზრის მოცულობა მიმდინარე წელს.

უკრაინული მედიის ცნობით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან დოლართან მიმართებაში გრივნა 1,8-ჯერ - 12,52 გრივნით გაუფასურდა.