ევროკავშირის ბოლო წევრი - როგორ შეიცვალა ხორვატიის ეკონომიკური მაჩვენებლები

უკრაინამ და მოლდოვამ წინა კვირას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო. საქართველომ - ჯერ ვერა. ევროპული საბჭო მზადაა, მიანიჭოს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მას შემდეგ, რაც ევროკომისიის დასკვნაში მითითებული პრიორიტეტები შესრულდება, მათ შორის, დეოლიგარქიზაცია, სასამართლო რეფორმა, მედიის თავისუფლება და ა.შ.

ევროკავშირში გაწევრიანებამდე უკრაინას და მოლდოვას გრძელი გზის გავლა მოუწევს, უფრო გრძელის კი საქართველოს. ასეთი გრძელი გზის გავლა მოუწია ხორვატიას, რომელიც ევროკოალიციას ყველაზე ბოლოს, 2013 წელს შეუერთდა. ხორვატიამ წევრობაზე განაცხადი 2003 წელს გააკეთა, 2005-დან 2011 წლამდე კი მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობდა.

2011 წლის 9 დეკემბერს ევროკავშირისა და ხორვატიის ლიდერებმა ხელი მოაწერეს გაწევრიანების ხელშეკრულებას. 2012 წლის იანვარში გამოკითხულ მოქალაქეთა 66%-მა მხარი დაუჭირა შეერთებას, ერთი წლის შემდეგ კი ხორვატია კავშირის 28-ე წევრი გახდა. (ამჯერად ევროკავშირში 27 ქვეყანაა, ორიოდე წლის წინ გაერთიანება დიდმა ბრიტანეთმა დატოვა).

წევრობის შემდეგ ხორვატიის ეკონომიკა მნიშვნელოვნად შეიცვალა. ევროპული სტრუქტურული და საინვესტიციო ფონდების მხოლოდ 4 პროგრამის ფარგლებში 2013-2020 წლებში ქვეყანამ 12.2 მილიარდი ევროს ბენეფიტი მიიღო.

თუ 2013-ში ხორვატიის მთლიანი შიდა პროდუქტი 44.3 მილიარდი ევრო იყო, 2021-ში ეს მაჩვენებელი 57.2 მილიარდ ევრომდე გაიზარდა.

პირველ წელს ხორვატიის ეკონომიკა რეცესიაში იყო. რეცესია 2009 წლიდან 2015 წლამდე გრძელდებოდა, 2015-ში კი ქვეყნის მშპ 2.5%-ით გაიზარდა. ზრდა შემდეგ წლებშიც გაგრძელდა - 2016-ში ხორვატიის ეკონომიკა 3.5%-ით, 2017-ში 3.4%-ით, 2018-ში 2.9%-ით, 2019-ში კი 3.5%-ით გაიზარდა.

2020 წელს კორონავირუსის პანდემიამ ხორვატიის ეკონომიკაც შეაფერხა და ამ წელს მშპ 8.1%-ით შემცირდა, თუმცა პანდემიის ეფექტის შემცირების შემდეგ, 2021 წელს ქვეყანამ აღდგენა შეძლო და ორნიშნა, 10.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

რაც შეეხება ერთ სულზე მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალურ მაჩვენებელს, 2013 წლისთვის ხორვატიის ერთი მოქალაქის საშუალო ეკონომიკური გამომუშავება 10.4 ათასი ევრო იყო, 2021 წლისთვის კი ეს მონაცემი 41%-ითაა გაზრდილი და 14.7 ათასს აღწევს. შედარებისთვის, ევროკავშირის მაჩვენებელი 28 ათას ევრომდეა.

მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP) გათვალისწინებით კი 1 სულზე მშპ ხორვატიაში 34 ათას დოლარზე მეტია.

ხორვატიის ეკონომიკაში უდიდესი წვლილი შეაქვს ტურიზმს და მასზე მშპ-ს 20%-მდე მოდის. 2013-2019 წლებში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი ხორვატიაში 9.7 მილიარდიდან 11.97 მილიარდამდე გაიზარდა. პანდემიის ეფექტით 2020 არც ისე წარმატებული წელი იყო და მიღებული შემოსავალი თითქმის განახევრდა წინა წელთან შედარებით, თუმცა 2021 წლიდან აღდგენა მიმდინარეობს.

განსაკუთრებით საგრძნობია ხორვატიელებისთვის უმუშევრობის დონის შემცირება. თუ 2013-ში უმუშევრების წილი 17.3% იყო, 2021 წელს ეს რიცხვი მკვეთრად დაბალი, 7.6%-ია.

ხორვატია ინფლაციის დაბალი დონით გამოირჩევა. 2013 წელს ქვეყანაში ფასები 2.2%-ით გაიზარდა, თუმცა შემდგომი სამი წლის განმავლობაში ფასები მცირდებოდა. ინფლაციის ნეგატიური მაჩვენებელი 2017 წლიდან შეჩერდა, ამ წელს ფასები 1.1%-ით, 2018-ში - 1.5%-ით, 2019-ში - 0.8%-ით, 2020-ში - 0.1%-ით, 2021-ში კი 2.6%-ით გაიზარდა. საერთო ჯამში, ინფლაციის დონე ქვეყანაში მაღალი არაა, თუმცა, მიმდინარე წლისთვის, ისევე როგორც თითქმის მთელ მსოფლიოში, ამ მაჩვენებლის ზრდას ელიან.

შემცირებულია სიღარიბის მაჩვენებელიც - 2013-ში თუ 25%-მდე იყო, 2021-ში 20.5%-ია.

რაც შეეხება სხვა ინდექსებს, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კორუფციის აღქმის ინდექსში ხორვატიის მაჩვენებელი გაუარესდა - 2013 თუ 57-ე იყო, 2021-ში 63-ე ადგილზეა. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში კი ქვეყნის პოზიცია გაუმჯობესებულია და ამჟამად 45-ე ადგილზეა.

კახი ჩაკვეტაძე