ფინეთმა რუსეთიდან ძლიერი ალკოჰოლის იმპორტი აკრძალა

ფინეთმა, ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტის შესაბამისად, რუსეთიდან ძლიერი ალკოჰოლის იმპორტი აკრძალა. ამის შესახებ ფინური ტელეარხი - „ილე“ ქვეყნის საბაჟო სამსახურზე დაყრდნობით იტყობინება.

როგორც ფინეთის საბაჟოს უფროსმა ინსპექტორმა, იარკო კესკინენმა განმარტა, საუბარია ძლიერ ალკოჰოლური სასმელების, მათ შორის არყის, ლიქიორის, ჯინისა და ვისკის იმპორტის აკრძალვაზე. თუმცა სანქციები არ შეეხო დაბალალკოჰოლურ სასმელებს, როგორიც არის ლუდი, ღვინო და სიდრი (5-7%-იანი მოცულობითი სპირტის შემცველი ხილკენკროვანი ღვინო, რომელსაც ვაშლის წვენის დადუღებით იღებენ).

ძლიერი ალკოჰოლი როგორც კერძო, ისე კომერციული მიწოდების ფარგლებში აიკრძალა და გამონაკლისს, მათ შორის ალკოჰოლის პირადი მოხმარებისთვის ტრანსპორტირებას არ ითვალისწინებს. ამასთან, აკრძალვა ფინეთისა და რუსეთის საზღვარზე უბაჟოდ შეძენილ სასმელებზეც ვრცელდება.

ივნისის შუა რიცხვებში ფინეთის მთავრობამ, ასევე, ევროკავშირის სანქციების ფარგლებში, ფიზიკურ პირებს რუსეთიდან ქილებითა და სხვა ნებისმიერი ჭურჭლით ნავთობპროდუქტების ქვეყანაში შეტანა აუკრძალა.

ევროკავშირში ფინეთს ყველაზე გრძელი სახმელეთო საზღვარი აქვს რუსეთთან.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ