თბილისის მერიის განმარტებით, ზონალურ-საათობრივი პარკირების შეღავათიანი ტარიფი კომპანიებისა და ფიზიკური პირებისთვის 1 წლის განმავლობაში 800-ლარიანი აბონემენტის შეძენას გულისხმობს

თბილისის მერიაში განმარტავენ, კონკრეტულად რას გულისხმობს ზონალურ-საათობრივი პარკირებით სარგებლობის მიზნით, კომპანიებისა და ფიზიკური პირებისთვის შეღავათიანი ტარიფით სარგებლობა.

კერძოდ, როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა, ვიქტორ წილოსანმა განუცხადა, ზონალური პარკირების საფასური დროის მონაკვეთის მიხედვით ასეთია: 1 დღე 20 ლარი (გადახდის მომენტიდან 24-საათის განმავლობაში); 1 კვირა - 100 ლარი (გადახდის მომენტიდან მომდევნო 6 კალენდარული დღის განმავლობაში); 1 თვე - 300 ლარი ( გადახდის მომენტიდან შემდეგი თვის შესაბამისი რიცხვის ჩათვლით); 6 თვე - 500 ლარი (გადახდის მომენტიდან მომდევნო 182 კალენდარული დღის განმავლობაში); 1 წელი - 800 ლარი (გადახდის მომენტიდან შემდეგი წლის შესაბამის კალენდარულ დღემდე).

„როგორც გითხარით, 1-წლიანი აბონემენტის ღირებულება 800 ლარია. შესაბამისად, დღეში გადასახადი 2 ლარზე ცოტა მეტი გამოდის. ასე რომ, კომპანიებს შეუძლიათ შეიძინონ ეს აბონემენტები, რომლებიც უკვე 6 თვეზე მეტია ბრუნვაშია და საკმაოდ წარმატებულად სარგებლობენ ამ სერვისით. ლიმიტი, რამდენი აბონემენტის შეძენა შეეძლება ერთ კომპანიას, დაწესებული არ არის. გარდა კომპანიებისა, აბონემენტების შეძენა ნებისმიერ პირს, მათ შორის, ფიზიკურ პირებსაც შეუძლიათ“, - განაცხადა წილოსანმა.

ამასთან, მისივე განცხადებით, ზონალურ-საათობრივი პარკირების საფასურის გადახდის ვალდებულება ნებისმიერი დაწესებულების, ასევე, მერიის საკუთრებაში არსებულ ავტომობილებსაც ექნებათ, მათ შორის, მუნიციპალური ინსპექციის ავტოსატრანსპორტო საშუალებებს.

„რა თქმა უნდა, მათთვისაც და ნებისმიერი სხვა ავტომობილისთვის იქნება პარკირების საფასური გადასახდელი. ზოგადად, ზონალური-საათობრივი პარკირების ღონისძიებას მუნიციპალიტეტი ატარებს იმის შესაბამისად, თუ სად არის მაღალი მობილობა. როგორც იცით, საბურთალოს რაიონში მანამდე, პეკინის ქუჩაზე იყო დაწესებული ზონალურ-საათობრივი პარკირება, მაგრამ ამან მობილობა შეამცირა თავად ამ ქუჩაზე, სამაგიეროდ, დატვირთა მიმდებარე ქუჩები, სადაც პარკირება უფასო იყო. ვაკვირდებით პროცესებს და სადაც მობილობა გაიზრდება, იმ ტერიტორიებზე დაწესდება მსგავსი ტიპის შეზღუდვები. როდესაც საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამას მერი თავად გააჟღერებს“, - განაცხადა წილოსანმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, 1-ელი ივლისიდან, საბურთალოსა და ისნის რაიონებში ზონალური საათობრივი პარკირება ამოქმედდება, 1 საათის საფასური 1 ლარი იქნება, პარკირებისთვის კი, 1751 ადგილი გამოიყოფა.

ზონალურ-საათობრივი პარკირების არეალში მცხოვრები მოსახლეობისთვის, ასევე, შშმ პირთათვის და A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის, პარკირება უფასო იქნება.