IKEA-მ რუსეთში საქონლის ონლაინ-ამოყიდვა დაიწყო

ავეჯის შვედურმა გიგანტმა, IKEA-მ რუსი მომხმარებლებისთვის საქონლის ონლაინ-ამოყიდვა დაიწყო. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაში არის ნათქვამი, რაც მის ვებგვერდზე ვრცელდება.

განცხადების მიხედვით, „პირდაპირ მაღაზიებში პროდუქციის შესყიდვის შესაძლებლობა ექსკლუზიურად IKEA-ს თანამშრომლებს ეძლევათ, ხოლო ყველა დანარჩენისთვის საქონელი ვებგვერდ IKEA.ru-ზე რამდენიმე დღეში იქნება ხელმისაწვდომი.“ ამასთან, ოფლაინ-მაღაზიებში პროდუქცია აღარ გაიყიდება.

22 ივნისს რუსული ვებგვერდი, „ნიჟნეგოროდსკაია პრავდა“ კომპანიის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერდა, რომ IKEA თავის საქონელს რუსეთის ფედერაციის საწყობებიდან „აუცილებელი ბიზნესპროცესების უზრუნველსაყოფად“ გაყიდის.

რუსეთში პირველი მაღაზია IKEA-მ 2000 წელს გახსნა. „ვედომოსტის“ მონაცემებით, 2022 წლისთვის კომპანიას რუსეთის 12 ქალაქში 26 მაღაზია ჰქონდა. ყველა მათგანმა მუშაობა მიმდინარე წლის 3 მარტს, რუსეთის საოკუპაციო ძალების უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეწყვიტა.

10 მარტს IKEA იმ კომპანიების სიაში შევიდა, რომელთა ქონება რუსეთში შესაძლოა, ნაციონალიზებას დაექვემდებაროს.

15 ივნისს IKEA-მ განაცხადა, რომ რუსეთში ოთხი ქარხნის გაყიდვას და თანამშრომლების რაოდენობის შემცირებას აპირებს.

„ვედომოსტის“ ცნობით, 22 ივნისს კომპანიამ რუსული სავაჭრო ცენტრები, სადაც IKEA-ს მაღაზიები იყო განთავსებული, გააფრთხილა, რომ საიჯარო ხელშეკრულებებს ვადაზე ადრე შეწყვეტდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ