ბათუმის ავტობუსების პარკი 2022 წლის ბოლომდე სრულად განახლდება

აჭარის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 6,2 %-ით გაიზარდა და 482 მლნ ლარს აღემატება. 5, 570 000 ლარით გაიზრდა მუნიციპალიტეტებზე გადასაცემი ტრანსფერის მოცულობა და ჯამში163 230 000 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბათუმის ავტობუსების პარკი 2022 წლის ბოლომდე სრულად განახლდება.

აჭარის მთავრობის მეთაურის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში წლის ბოლომდე არაერთი პროექტი განხორციელდება.

აჭარის უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარდგენილი ბიუჯეტი. ჩვენ, დაახლოებით, ნახევარ მილიარდზე ავიყვანეთ რესპუბლიკური ბიუჯეტი, რაც პირველ რიგში გვაძლევს საშუალებას, განვახორციელოთ მეტი პროექტები და მაქსიმალურად ვიზრუნოთ აჭარის მცხოვრებლებზე. ბიუჯეტი გაზრდილია 6%-ით და ის შეადგენს 482 მლნ ლარს. ამ ბიუჯეტის ფარგლებში, წლის ბოლომდე განხორციელდება არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და პროგრამა. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ბათუმის ნაწილში გაზრდილი სატრანსფერო რაოდენობა, რომელიც გულისხმობს, რომ წლის ბოლომდე, ჩვენ სრულად განვაახლებთ ავტობუსების პარკს ბათუმში და შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტს გადავცემთ დამატებით ავტობუსებს“, - განაცხადა რიჟვაძემ.