Michelin, KONE და Whirlpool რუსეთს ტოვებენ

საბურავების ერთ-ერთი უმსხვილესი ფრანგული კომპანია Compagnie Generale des Etablissements Michelin-ი, რუსეთის ტერიტორიაზე ბიზნესის გაჩერების შემდეგ, ფიქრობს, რომ წლის ბოლოდან დარჩენილი ბიზნეს აქტივები ადგილობრივ მენეჯმენტს გადასცეს.

როგორც ცნობილია, კომპანიამ რუსეთში საბურავების წარმოება მარტის შუა რიცხვებში შეაჩერა, მიზეზი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა იყო. ქარხანა წლიურად 2 მილიონამდე საბურავს აწარმოებდა, რომელთა უმეტესობა ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე იყიდებოდა, მცირე ნაწილი კი ჩრდილოეთ ევროპის ტერიტორიაზე. კომპანიას ადგილზე ათასამდე ადამიანი ჰყავდა დასაქმებული. კომპანიის ცნობით, რუსეთიდან გასვლა მას წლიურ 250 ათასი ევროს შემოსავალს დააკარგვინებს. კომპანია რუსეთში 1997 წლიდან ოპერირებს, ხოლო ქარხანას 2004 წლიდან ამუშავებს. ბრენდისთვის რუსეთის ბაზარზე გაყიდვების 2% მოდიოდა, ხოლო წარმოების 1%.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ბაზარს ტოვებს ასევე ლიფტებისა და ესკალატორების მწარმოებელი კორპორაცია KONE. ამ შემთხვევაშიც კომპანია გეგმავს მისი აქტივების გაყიდვას. მისი სრულად გასვლა მოხდება მარეგულირებლის მიერ კონტრაქტზე ყველა ნებართვის გაცემის შემდეგ, ეს კი წლის ბოლომდე უნდა მოხდეს. ამასთან, უცნობია, რა ფასად მოხდება გარიგება ადგილობრივ კომპანიასთან, თუმცა შეთანხმება მიღწეული და ხელმოწერილია 28 ივნისს.

თანხმობის შემდეგ KONE-ს ბრენდის სრულად დატოვებს რუსეთს. ცნობისთვის, KONE გახლავთ მსოფლიო ლიდერი კომპანია ლიფტებისა და ექსკალატორების წარმოებაში.

რუსეთის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო ტექნიკის მწარმოებელმა კომპანიამაც Whirlpool, რომელმაც ხელი მოაწერა თურქულ კომპანიასთან Arcelik, მისი რუსული აქტივების - АО "Индезит Интернэшнл" და ООО "Вирлпул Рус" გაყიდვაზე.

შეთანხმების შესაბამისად Arcelik-ს გადაეცემა ლიპეცკის საწარმო, რომელშიც წლიურად 2,8 მლნ სარეცხი მანქანისა და მაცივრის წარმოება ხდება. აქ წარმოებულ პროდუქციას კომპანია ყიდდა ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, თურქმენეთში, უზბეკეთში, სომხეთში, საქართველოში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, ბელარუსსა და მონღოლეთში.

კოკა კვირკველია