რუსეთში ბრილიანტებით ვაჭრობა მკვეთრად შემცირდა

რუსული ალმასებით ვაჭრობა მაისის ბოლოდან მკვეთრად შემცირდა, ვინაიდან დამამუშავებლები ბრილიანტებზე მოთხოვნას სხვა წყაროებიდან ივსებენ - ამის შესახებ დარგის სააგენტოს Rough&Polished-ს ალმასების ბაზრის ანალიტიკოსმა პოლ ზიმნისკიმ განუხადა.

მისი თქმით, ეს გარკვეულწილად გამოწვეულია საქონლის დოლარებში გადახდის სირთულეებთან, ხოლო ნაწილს, უბრალოდ, არ სურს შეიძინოს რუსული ალმასები, ვინაიდან დამკვეთებში არის მოთხოვნა არარუსული წარმოშობის ძვირფას ქვაზე.

მომწოდებლებზე წნეხს ახდენენ დარგის მთავარი მოთამაშეები, როგორებიც არიან Signet Jewelers, LVMH (Tiffany) და Richemont, რომლებმაც აიღეს ვალდებულება, არ შეიძინონ რუსული წარმოშობის ძვირფასი ქვები.

ექსპერტის აზრით, მოცემულობიდან გამომდინარე რუსული АЛРОСА-სთვის უკეთესი იქნებოდა პროგნოზის შემცირება და წელს დაგეგმილ 34 მლნ კარატზე ნაკლების მოპოვება.

ამასთან, ექსპერტის განცხადებით, რუსულ ალმასებზე და АЛРОСА-ზე დაწესებულმა სანქციებმა მცირე ქვებსა და ნახევრად საიუველირო ხარისხიან ქვებზე ფასები გაზარდა, სწორედ ამ ტიპის ქვების მიმწოდებელი იყო რუსეთი მსოფლიო ბაზარზე. ზიმინსკის გათვლებით, იანვრიდან მაისამდე ეს პოზიციები გაძვირებულია 32%-ით, მაშინ როცა წლიურად ბაზრის კორექტირება ხდებოდა 13%-ით.

ექსპერტის თქმით, სიტუაციას რუსული ალმასებისთვის ოპტიმისტური პირი არ უჩანს, ვინაიდან სულ უფრო მეტი კომპანია ითხოვს ალმასების წარმოშობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას, რაც ძალიან ართულებს რუსული წარმოშობის ალმასების მსოფლიო ბაზარზე მოხვედრას.

როგორც ცნობილია, ალმასების მსოფლიო მიწოდებაში რუსეთის წილი 30%-ს შეადგენს. დღესათვის კი უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო რუსულ ალმასებზე მოქმედებს სასანქციო რეჟიმი და მისი შესყიდვა ოფიციალურად აკრძალულია.

კოკა კვირკველია