ირაკლი კოვზანაძე - გვაქვს პოტენციალი, 2022 წელი დაგეგმილზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით დავასრულოთ

„ჩვენ გვაქვს პოტენციალი, რომ მიმდინარე წელი დავასრულოთ იმაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, ვიდრე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონშია ჩადებული (6%)“, -ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის (TWINNING) - „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება“ დახურვის ცერემონიაზე მისასალმებელ სიტყვაში განაცხადა.

ირაკლი კოვზანაძემ სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზეც გაამახვილა ყურადღება, რაც მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს სადაზღვევო ბაზრის განვითარებისთვის.

„საქართველომ საკმაოდ რთული და არაორდინარული წლები გაიარა პანდემიური შოკის გავლენით. რუსეთ-უკრაინის ომმა კი ახალი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური გამოწვევების წინაშე დააყენა როგორც მსოფლიო, ასევე ჩვენი ქვეყანა. თუმცა, ჩვენს მიერ გატარებულმა რეფორმებმა და სწორმა ნაბიჯებმა მოგვცა შესაძლებლობა, 2021 წელს გვქონოდა 10.4%-იანი ეკონომიკური ზრდა, რამაც გადაფარა 2020 წლის 6.8%-იანი ვარდნა და პანდემიამდე პერიოდის (2019 წლის) მაჩვენებელს 2.9%-ით გადააჭარბა“, -განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ და აღნიშნა, რომ მშპ-ს ზრდის მაღალი ტემპი გრძელდება მიმდინარე წელსაც.

2022 წლის პირველი კვარტლის შედეგებით ზრდამ მიაღწია 14.9%-ს, ხოლო 4 თვის მონაცემებით - 10.8%-ია.

„თვის ბოლოს გამოქვეყნდება მაისის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, ველოდებით მაღალ ეკონომიკურ ზრდას, შესაბამისად გვაქვს პოტენციალი, რომ მიმდინარე წელი დაგეგმილზე მაღალი მაჩვენებლით დავასრულოთ,“-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

დღეს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის (TWINNING) - „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება“ დახურვის საზეიმო ცერემონია გაიმართა.