თამარისში მარწყვის სასათბურე მეურნეობა გაიხსნა

საქართველოში ისრაელის სრულუფლებიანმა ელჩმა იუვალ ფუქსმა, ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა, კომპანია "ისრაგრინის" დირექტორმა ილია შაპირმა ფერმერებთან ერთად, დღეს სოფელ თამარისში ახლად გახსნილი მარწყვის სასათბურე მეურნეობა მოინახულა.

300 კვადრატული მეტრის სათბურში, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებითაა მოწყობილი, მარწყვის მოყვანა ჰიდროპონიკის სისტემის გამოყენებით მიმდინარეობს. სასათბურე მეურნეობა ისრაელის საელჩოს, კომპანია "ისრაგრინისა" და ადგილობრივი ფერმერის, პავლე სივსივაძის თანადაფინანსებით აშენდა და მასვე გადაეცა საკუთრებაში.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს რეგიონში მსგავსი სასათბურე მეურნეობა გაიხსნა. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ სათბურში ფერმერებს საშუალება ექნებათ, თვალნათლივ დარწმუნდნენ ახალი ტექნოლოგიების გამოყენების ეკონომიკურ ეფექტიანობაში და ასევე შეისწავლონ სათბურში მარწყვის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიები. გარდა ამისა, ჩვენს ფერმერებში გავრცელდება მაღალმოსავლიანი მარწყვის ჯიშები, როგორიცაა "აბლიონი" და "ელიზავეტა II", - განაცხადა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა.

თამარისის მარწყვის სასათბურე მეურნეობაში ამ ეტაპზე 2800 ძირი მარწყვის ნერგია დარგული, საიდანაც თითოეული ძირი პირველ ეტაპზე დაახლოებით კილონახევარ ნაყოფს მოისხამს. სათბურში პირველ მოსავალს 20-25 მარტისთვის ელოდებიან.