კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის, მდგრადი საჯარო შესყიდვების განხორციელების შესახებ ტრენინგი გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, საქართველოში მდგრადი საჯარო შესყიდვების განხორციელების შესახებ კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, კახა დემეტრაშვილმა მისასალმებელი სიტყვით გახსნეს.

„EU4Environment პროგრამის პროექტის ფარგლებში, უკვე განხორციელდა აქტივობები როგორც მდგრადი საჯარო შესყიდვების დანერგვის ხელშეწყობის მიმართულებით, ასევე, ეკოინოვაციებისა და ეკომარკირების მხრივ. აღნიშნულის პარალელურად, ჩვენ გვჭირდება შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შემუშავება და ცნობიერების ამაღლება განმახორციელებელი უწყებების წარმომადგენლებისთვის, რაც ხელს შეუწყობს მდგრადი საჯარო შესყიდვების მიდგომების სწორ და წარმატებულ იმპლემენტაციას”, - განაცხადა თამარ ალადაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო შესყიდვის განხორციელებისას, მდგრადი საჯარო შესყიდვები გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური საკითხების გათვალისწინებას გულისხმობს. მდგრადი საჯარო შესყიდვების მიდგომა ყურადღებას ამახვილებს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა „მწვანე“, ენერგოეფექტური საჯარო შესყიდვები, სოციალური და შრომითი უფლებები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტერესები.

„ტრენინგის ფარგლებში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები მდგრადი საჯარო შესყიდვების არსს და მის სარგებელს, დასანერგად გადადგმულ ნაბიჯებს, ამ მიმართულებით მომზადებული სამართლებრივი დებულებების პროექტებს და საუკეთესო ევროპული პრაქტიკის მაგალითებს გაეცნენ.

აღნიშნული ტრენინგი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EU4Environment პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამასთან (UNEP) მჭიდრო თანამშრომლობით. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში მდგრადი საჯარო შესყიდვების მიდგომებისა და დებულებების დანერგვის ხელშეწყობას. ასევე, მდგრადი საჯარო შესყიდვების ეფექტიანი დანერგვისა და ფუნქციონირებისათვის სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის შესაძლებლობების გაძლიერებას“,- აღნიშნავენ გავრცელებულ ინფორმაციაში.