ბაქოში ავტობუსის „სმარტ-გაჩერებები“ მონტაჟდება

ბაქოში ავტობუსის გაჩერებებისთვის „ჭკვიან“ პავილიონებს დგამენ. ეს პროცესი ბაქოს სატრანსპორტო სამსახურისა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სააგენტოს ერთობლივი მხარდაჭერით მიმდინარეობს.

„სმარტ-გაჩერებები“ ადგილობრივი წარმოებისაა და ბევრი უპირატესობა აქვს. პავილიონს აქვს კონდიცირების (გაგრილების) სისტემა, ასევე, სათვალთვალო კამერები და მონიტორები. განათებასა და ელექტრომომარაგებას ნაწილობრივ მზის პანელები უზრუნველყოფს. „ჭკვიან“ გაჩერებებზე პროდუქტები, მათ შორის ყავა, ჩაი და წყალი გაიყიდება.

ავტობუსის კიდევ ერთი „სმარტ-გაჩერება“ ჰუსეინბალი ალიევის ქუჩაზე, მემარ აჯემის მეტროსთან ახლოს გამოჩნდა, საიდანაც სამი რეგულარული მარშრუტის ავტობუსი გადის. ამ გაჩერების პავილიონსაც „მემარ აჯემი“ ეწოდა.

მომდევნო ორი წლის განმავლობაში ბაქოში 100 „ჭკვიანი“ გაჩერების დამონტაჟება იგეგმება.

სააგენტო Trend-ის ცნობით, პროექტი სახელმწიფო და კერძო პარტნიორობის ფარგლებში ხორციელდება და მთლიანად კერძო სექტორისგან ფინანსდება. პროექტის მიზანი არის ავტობუსის გაჩერებების ფუნქციონალურობისა და ინოვაციურობის გაზრდა, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის მართვის სფეროში საჯარო და კერძო თანამშრომლობის მოდელის გამოყენება-გაფართოება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ