წელს ექსპორტის სტიმულირების პროგრამით 50-მდე კომპანია ისარგებლებს - „აწარმოე საქართველოში“

2022 წელს ექსპორტის სტიმულირების პროგრამით დაახლოებით, 50-მდე კომპანია ისარგებლებს - ამის შესახებ სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ექსპორტის დეპარტამენტის უფროსმა ნიკა მამუკელაშვილმა „ბიზნეს პალიტრას“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ექსპორტის სტიმულირების პროგრამაში მონაწილეობის მიღების სურვილი 56 მცირე და საშუალო ზომის ბიზნესმა გამოთქვა, საიდანაც 90% ამ პროგრამით ისარგებლებს.

„ექსპორტის სტიმულირების პროგრამაში განაცხადი ჯამში 56 კომპანიამ შემოიტანა. მოცემული აპლიკანტების 90% ან დაახლოებით 50 კომპანია დაფინანსდება. ეს არის ჩვენი სააგენტოს გადაწყვეტილება. ჩვენი მიზანია საექსპორტო ბაზრების მაქსიმალური დივერსიფიცირება და სწორედ ამიტომ გვინდოდა, რომ მაქსიმალურად მეტ კომპანიას ესარგებლა მოცემული პროგრამით. ჯამში კომპანიებისთვის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილია 1 მილიონი ლარი. მიმდინარე წლის ივლისის პირველი ნახევრიდან ამ კომპანიებს უკვე შესაძლებლობა ექნებათ, რომ გააფორმონ ჩვენთან ხელშეკრულება და დაიწყონ ამ თანხების ათვისებს“. - აღნიშნა ნიკა მამუკელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ექსპორტის სტიმულირების პროგრამა ექსპორტიორი კომპანიების ტექნიკურ დახმარებას გულისხმობს. კერძოდ, დახმარების პაკეტი სამი კომპონენტისგან შედგება და მოიცავს საწარმოების სერტიფიცირებას და პროდუქტის ლიცენზირებას, უცხოურ ბაზრებზე შესვლის თანადაფინანსებას, ბრენდინგს და შეფუთვას. პროგრამაში განაცხადების მიღება 2022 წლის აპრილიდან დაიწყო და მაისში დასრულდა.

ნოდარ სირბილაძე