მოცვის ფასი თვის დასაწყისთან შედარებით განახევრდა. 24 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში 1 კგ. მოცვის ღირებულება წინა კვირასთან შედარებით, საგრძნობლად, 4-5 დოლარამდე დაეცა, მაშინ, როცა, EastFruit-ის ცნობით, ივნისის დასაწყისში ადგილზე ფერმერებს თითო კილოგრამ მოცვში 7-დან 8 დოლარამდე უხდიდნენ.
როგორც ადგილობრივი ექსპორტიორები აცხადებენ, ამის მიზეზი ქართული მოცვის მთავარ ბაზარზე, რუსეთში ფასების ვარდნაა, რაც საქართველოდან და სხვა ექსპორტიორი ქვეყნებიდან მიწოდების გაზრდამ გამოიწვია. ამასთან, მიმდინარე კვირაში მოცვის გაიაფებას მასობრივი კრეფვის დაწყების გამოც მოელოდნენ.
იმის მიუხედავად, რომ დასავლეთ საქართველოში წვიმიანი ამინდები მოსავლის დროულ აღებას ხელს უშლის, EastFruit წერს, რომ საქართველოში მოცვის მოსავლის სეზონი აქტიურ ფაზაშია.
ქართველი ფერმერები ეჭვობენ, რომ მყიდველები ფასის ხელოვნურად დაწევას ცდილობენ, რადგან მისი ვარდნა მეტად მოკლე დროში მოხდა. 1 კგ. მოცვის ფასი 8-დან 4 დოლარამდე მხოლოდ ერთ დღეში დაეცა, რაც ფერმერებს აფიქრებინებს, რომ ეს სპეკულაციაა. რაკი მოცვი მეტად მალფუჭებადი კენკრაა, ბევრი მცირე ფერმერი, ვისაც მაცივარი არ აქვს, მოსავალს იაფად ყიდის. თუმცა, პორტალის ცნობით, არიან ისეთებიც, ვისთვისაც ფასი მოცემულ დღეს მიუღებელია, გაყიდვას არ თანხმდება და თავის მოსავალს მაცივარში ინახავს, რომ სხვა დროს უფრო მაღალ ფასად გაყიდოს.
კომპანია AgriTouch-ში EastFruit-ს განუცხადეს, რომ ფასების კლება მიწოდების ზრდამ გამოიწვია. კომპანია მოცვის ექსპორტს, ძირითადად, სპარსეთის ყურის ქვეყნებში ეწევა, თუმცა ფასების მიმდინარე კლებას რუსულ ბაზარზე საქართველოდან, ბელარუსიდან და სერბეთიდან მოცვის ჭარბ მიწოდებას უკავშირებს.
პორტალის მონაცემებით, 2021 წლის ივნისსა და ივლისში რუსეთმა ყველაზე მეტი, 850 ტონა მოცვი საქართველოდან, 551 ტონა სერბეთიდან, ხოლო 426 ტონა მოცვი ბელარუსიდან შეიტანა.
წელს უამინდობის გამო მოცვის სეზონი საქართველოში დაგვიანებით დაიწყო.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ