პინჩუკებმა საკულტო სკულპტურა უკრაინის დასახმარებლად Christie's-ის აუქციონზე გაყიდეს

ჯეფ კუნსის საკულტო სკულპტურა Balloon Monkey (Magenta), რომელიც უკრაინელ მილიარდერებს, ვიქტორ და ელენა პინჩუკებს ეკუთვნოდა, Christie's-ის აუქციონზე, დაახლოებით, 11,5 მლნ დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ აუქციონის სახლმა განცხადება Instagram-ზე, ხოლო ვიქტორ პინჩუკის ფონდმა ოფიციალურ ვებგვერდზე გაავრცელა.

მასში, ასევე, ნათქვამია, რომ გაყიდული ქანდაკებიდან მიღებულ მთელ შემოსავალს პინჩუკების ფონდი უკრაინის ჰუმანიტარულ საჭიროებებს მოახმარს. კერძოდ, თანხა მოხმარდება ომის დროს მძიმედ დაჭრილ სამხედრო და სამოქალაქო პირებს, ვისაც პროთეზირება, მკურნალობა და რეაბილიტაცია ცხოვრების ხარისხის აღსადგენად სასწრაფოდ სჭირდება.

ორგანიზატორმა აღნიშნა, რომ ქანდაკება აუქციონის, „XX/XXI საუკუნე: საღამოს ლონდონური ვაჭრობის“ ტოპ ლოტი გახდა.

ვიქტორ პინჩუკმა და მისმა მეუღლემ, ელენამ უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის თანხის მისაზიდად Balloon Monkey-ის აუქციონზე გატანა 7 ივნისს დააანონსეს. ხელოვნების ნიმუშის სავარაუდო ღირებულება 6 მილიონიდან 10 მლნ ფუნტ სტერლინგამდე მერყეობდა, ხოლო საბოლოო გასაყიდი ფასი ბრიტანულ ვალუტაში 10,136 მლნ ფუნტს შეადგენდა.

24 თებერვალს, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან დღემდე ვიქტორ და ელენა პინჩუკებს თავიანთი სახსრებითა და სხვა სტრუქტურებით 35 მლნ დოლარზე მეტი ოდენობის ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარება აქვთ გაწეული. ფონდის მიერ დაბომბვისა და აფეთქებების შედეგად დაშავებული სამხედრო და სამოქალაქო პირებისთვის, სხვა საჭიროებებთან ერთად, მოხდა პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრების, ასევე, სასწრაფო დახმარების ჯავშანმანქანების მიწოდება, მომარაგდა 40 საავადმყოფო და გაიცა სხვა სახის ჰუმანიტარული დახმარება.

Forbes 2022-ის რეიტინგში ვიქტორ პინჩუკი 1,9 მლრდ დოლარის ქონების მფლობელია. ის უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ლეონიდ კუჩმას სიძე და კომპანია Interpipe-ის დამფუძნებელია. პინჩუკმა თებერვლის ბოლოდან 700 მლნ დოლარი დაკარგა. Interpipe-ის ცნობით, კომპანია სამხედრო და ტერიტორიული თავდაცვის ძალებისთვის პერსონალურ დამცავ აღჭურვილობას ყიდულობს და ტერიტორიული თავდაცვის ნაწილების აღჭურვისთვის ჯავშანჟილეტების მიმწოდებლებს ეძებს. Interpipe-ის საწარმოები ორ დღეში 96 ე.წ. ტანკსაწინააღმდეგო ზღარბს ანუ ლითონის ზღუდეს ამზადებს. კომპანია რეგიონული სამხედრო ნაწილების, ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფებისა და მოხალისეთა ორგანიზაციების გადაუდებელ საჭიროებებს უზრუნველყოფს. მოთხოვნის შემთხვევაში, აგზავნის საწვავს, მილებს, ლითონს, ბეტონის ბლოკებს, ფილებს, ლურსმნებს, ჭურჭელს, სამშენებლო მასალას, საკანცელარიო ნივთებს, თერმო საცვლებს და სხვა. საქველმოქმედო ფონდ „რეგიონის აღორძინების“ თანხები, ასევე, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, ტერიტორიული თავდაცვის ნაწილებსა და დაჭრილებს ხმარდება.

დნიპროს, ნოვომოსკოვსკსა და ნიკოპოლში საწარმოების ტერიტორიაზე 18 დროებითი თავშესაფარი მოეწყო. დაბომბვის ან საჰაერო თავდასხმის საფრთხის დროს მას 8500-ზე მეტი ადამიანი აფარებს თავს.

ვიქტორ და ელენა პინჩუკებმა და პინჩუკის ფონდმა, ასევე, მისმა პარტნიორებმა, Schmidt Futures-მა, Vista Equity Partners-მა, Minderoo Foundation-მა და Atlantic Foundation-მა უკრაინის დახმარების ფონდი დააფუძნეს, რაც 6 მლნ დოლარის ერთობლივი საქველმოქმედო ინიციატივაა. ფონდის სახსრები უკრაინელების გადაუდებელ საჭიროებებს, განსაკუთრებით სამედიცინო აღჭურვილობას ხმარდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ