ფულის შოვნის მარტივი გზა თუ თაღლითობა - რა ბედი ელის Teslamedia-ში ჩადებულ თანხას

„ჯამში, 22 მლნ დოლარზეა საუბარი, სადაც საქართველოს წილი, ფაქტობრივად, არის 70-დან 80%-მდე“, - ამის შესახებ კრიპტო ბაზრის დამფუძნებელმა ავთანდილ კუჭავამ რადიო „პალიტრისა“ და "პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ „ტესლა ვიდეო მედიაზე“ საუბრისას განაცხადა.

ცნობისთვის, ეს არის ონლაინ სივრცეში შექმნილი აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც, დაინტერესებული პირები, წინასწარ ჩადებული გარკვეული მოცულობის ინვესტიციის სანაცვლოდ, თანხას გამოიმუშავებენ.

ამ დროისთვის, აპლიკაციიდან თანხის გატანა შეუძლებელია. თუმცა, „ტესლა ვიდეო მედიის“ შემქმნელები ამტკიცებენ, რომ ეს დროებითი, ტექნიკური ხარვეზია.

„მსგავსი პირამიდები, ყოველთვის ასე იქცევიან. თავიდან ვინც შემოდის, ისინი მოგებას იღებენ. შემდეგ ამ მოგებას ანდობენ თავის მეგობრებს, მეზობლებს, თუ ნათესავებს, ისინიც შემოდიან და სწორედ მათ ფული გააქვთ დამფუძნებლებს. ჩამოშლის ნაწილში, თუ შევხედავთ შემქმნელების მხრიდან, რა თქმა უნდა, არ ჩამოშლილა და კარგად მიდის საქმე, კარგად იმუშავა.

როდესაც ასეთ საქმეებს ვიძიებთ, სანამ დასკვნამდე მივალთ, ბევრ რამეს ვამოწმებთ, ფინანსურ ნაკადებს, თუ სად გადის თანხა, როგორ გადის და რა მომენტში წყვეტენ ისინი გადახდებს. რასაც წინა წლების გამოცდილება გვაჩვენებს, როგორც კი ასეთ გადახდები ჩერდება, მისი აღდგენის საშუალება აღარ არის. შესაბამისად, „ტესლა ვიდეო მედიაზე“ დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტყუილად დაელოდებიან ის ადამიანები, ვისაც უთხრეს, რომ ტრონის ქსელი გაჩერდა. მას ბოლო წლების განმავლობაში, მსგავსი არანაირი პრობლემა არ შექმნია. უბრალოდ, დროს იგებენ იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ფული კარგად გაიტანონ.

მეორე სცენარი, რაც შეიძლება მოხდეს, არის ის, რომ 2-3 დღით აღადგინონ, ადამიანებს აჩვენონ, რომ აი, უკვე აღდგა, ისევ დაიწყოს თანხის გაცემა და ამ დროს ისევ ახალი „იუზერები“ დაიმატონ. ეს არის კლასიკური პირამიდა, თაღლითური სქემა. ამბობენ, რომ მარტივად შეგიძლია ფულის შოვნა, ამ დროს, პირველად შესული ადამიანები იღებენ მოგებას, დანარჩენების აბსოლუტური უმრავლესობა აგებს. რაც მოხდა ჩვენს შემთხვევაში.

ჯამში 22 მლნ დოლარზეა საუბარი, სადაც საქართველოს წილი ფაქტობრივად, არის 70-დან 80%-მდე“,- განაცხადა ავთანდილ კუჭავამ.

ნინი ქეთელაური