3 ცვლილება, რომელიც დღეიდან ამოქმედდა

დღეიდან, 1-ლი ივლისიდან ქვეყანაში რამდენიმე ცვლილება ამოქმედდა.

"ბიზნესპრესნიუსი" რამდენიმე მათგანს გთავაზობთ:

თბილისსა და რეგიონებში ბიზნესს ბუნებრივი აირი უძვირდება

2022 წლის 1-ლი ივლისიდან რეგიონებსა და დედაქალაქში გაზის ტარიფი არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, ბიზნესისთვის იზრდება.

“თელავგაზის“, “სოკარ ჯორჯია გაზის“, „საქორგგაზის“ და „ინტერ გაზის“ საცალო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, 1მ3 ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრება 1,38 ლარით დღგ-ს ჩათვლით. დედაქალაქში კი 1მ3 ბუნებრივი აირის საფასური 1,35 ლარით განისაზღვრება.

ამასთან, კომპანიების ცნობით, უცვლელი რჩება საყოფაცხოვრებო ტარიფი, რომელიც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ არის დადგენილი 2023 წლამდე.

დღეიდან თბილისის კიდევ 32 ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდა

2022 წლის 1-ლი ივლისიდან, თბილისში, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა საბურთალოსა და ისნის რაიონებში, ჯამში 32 ქუჩაზე ამოქმედდება, აქედან 31 ქუჩა საბურთალოს რაიონშია. მერიის ინფორმაციით, 32 ქუჩაზე, ჯამში, 1751 საპარკინგე ადგილი იქნება, აქედან 37 ადგილი შშმ პირთათვის.

ამასთან, თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ კონკრეტულ პირებს, მათ შორის, ზემოთ აღნიშნულ ქუჩებზე ადგილობრივ მცხოვრებლებს, ტაქსის მძღოლებს, შშმ პირებს უფასო პარკირება შეეძლებათ.

რაც შეეხება ზონალურ-საათობრივი პარკირების ტარიფებს, 1-დღიანი საათობრივი პარკირების საშვის საფასური 20 ლარს შეადგენს; 1-კვირიანის ფასი - 100 ლარია; 1-თვიანის - 300 ლარი; 6-თვიანის - 500 ლარი; 1-წლიანი საშვის ღირებულება კი 800 ლარია.

მწარმოებლებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება

1-ლი ივლისიდან მწარმოებლებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება. საუბარია საბურავების, ზეთების, აკუმლატორების და ელემენტების, ასევე ელეტრონული და ალექტრული ნარჩენების მწარმოებლებსა და იმპორტიორებზე.

იმდინარე წლის 1 ივლისიდან, ყველა იმპორტიორსა და დისტრიბუტორს აეკრძალება იმ მწარმოებლების მიერ მოწოდებული პროდუქციის ბაზარზე განთავსება, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული მგვ რეესტრში და არ არიან მგვ ორგანიზაციის წევრები.

ამასთან, რამდენიმე ცვლილებაა მოგზაურობის მოყვარულთათვის, კერძოდ, 1-ლი ივლისიდან ვენეციაში ​​ტურისტების რეგისტრაციის სისტემა ამოქმედდება. მოგზაურები იტალიის ქალაქს წინასწარი ელექტრონული საშვის გარეშე ვეღარ მოინახულებენ. ასევე ბარსელონას პლაჟის მოყვარულებს აღარ მოუწევთ სიგარეტის ნამწვებთან ან პასიურ მოწევასთან „ბრძოლა,“ რადგან ივლისიდან ბარსელონას ყველა პლაჟზე მოწევა აიკრძალება.

თაია არდოტელი