ევროპა ენერგოკრიზისის ზღვარზე - რას უპირისპირებს დასავლეთი რუსული გაზის შემცირებას

ევროპისთვის რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება კვლავ დიდი თავის ტკივილია. წლის ბოლომდე კონტინენტზე რუსული ნავთობის იმპორტის 90%-ით, გაზის იმპორტის კი ორი მესამედით შემცირებას აპირებენ. გეგმა ამბიციურია, თუმცა საქმე უფრო რთულადაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

რუსეთი, რომელიც მსოფლიოში გაზის მარაგებით პირველია, ბუნებრივ აირს პოლიტიკურ იარაღად იყენებს. სანქციებზე საპასუხოდ, მან უკვე 60%-ით შეამცირა ბუნებრივი აირის მიწოდება მილსადენ Nord Stream 1-ით, რომელიც გერმანიისა და სხვა ბევრი ქვეყნისთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა. ევროპაში მიაჩნიათ, რომ ეს რუსეთის ბოლო ნაბიჯი არ იქნება - ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IEA) ქვეყნებს გაზის მიწოდების სრული შეწყვეტის სცენარისთვის ამზადებს.

„შეიძლება ამას ჯერ ვერ გრძნობთ, თუმცა ჩვენ გაზის კრიზისში ვართ. ამიერიდან, ბუნებრივი აირი მწირი საქონელია“, - ამბობს გერმანიის ეკონომიკის მინისტრი, რობერტ ჰაბეკი.

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ევროპული ქვეყნების რბოლა მარაგების შესავსებად სულ უფრო მძაფრდება. ახლა ევროპის მიწისქვეშა გაზის საცავი 57%-ითაა სავსე. ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ ქვეყნებს საცავი 80%-ით ჰქონდეთ შევსებული, თუმცა, რუსული გაზის გარეშე, ამის მიღწევა რთული იქნება. სწორედ ამიტომ, ახლა კონტინენტზე ალტერნატიულ გზებს ეძებენ და კრიზისთან გასამკლავებლად განსხვავებულ მექანიზმებს განიხილავენ.

გათხევადებული ბუნებრივი აირი ევროპის გადასარჩენად

რუსული გაზის შემცირების პარალელურად, ევროპა გათხევადებული ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტს ზრდის, რასაც ახლა სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს და დეფიციტის შევსებაში უმთავრეს როლს თამაშობს.

მიმდინარე წელს ევროკავშირმა 50%-ით, 54 მილიარდი კუბური მეტრით მეტი LNG იყიდა, ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში. მთავარი მიმწოდებელი ამერიკაა - ისტორიაში პირველად, ივნისში ევროპამ აშშ-დან უფრო მეტი LNG იყიდა, ვიდრე რუსულ მილსადენებში მომდინარე გაზი.

ddd-1656664397.jpg

რუსული გაზისა და ამერიკული LNG-ის იმპორტის დინამიკა ევროპაში, წყარო: ენერგიის საერთაშორისო სააგენტო.

გათხევადებული ბუნებრივი აირის უპირატესობა მოქნილობაა - გამომდინარე იქიდან, რომ მისი მიწოდება მილსადენებით არ ხდება, გადაზიდვა ნებისმიერ ადგილზეა შესაძლებელი. თუმცა მის მისაღებად სპეციალური ტერმინალებია საჭირო, რომელიც ევროპაში ყველას საკმარისი რაოდენობით არ აქვს.

ამიტომაც ევროკავშირის ქვეყნები ახალ ინფრასტრუქტურაში ინვესტირებაზე იწყებენ ფიქრს. LNG ტერმინალი არ აქვს, მაგალითად, ისეთ ქვეყანას, როგორიც გერმანიაა, თუმცა გეგმავს, რომ 4 ასეთი ობიექტი ააშენოს. აშენებას ან არსებულის გაფართოებას გეგმავენ ფინეთი, ესტონეთი, იტალია და ნიდერლანდებიც.

მიუხედავად ამისა, მოკლე ვადაში რუსული გაზის მთლიანად LNG-ით ჩანაცვლება შეუძლებელია, რადგან საკმარისი რესურსი არაა. ტერმინალების, საექსპორტო ობიექტების აშენებას კი კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდება.

გეგმა REPowerEU-ს ფარგლებში, რომელიც 2030 წლამდე რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების აღმოფხვრას ითვალისწინებს, წელს კიდევ 50 მილიარდი კუბური მეტრი LNG-ის შეძენაა საჭირო. გარდა ამისა, იმპორტირებული LNG-დან 11 მილიარდი კუბური მეტრი რუსულია, რაც ჩანაცვლებას ართულებს.

უნდა ითქვას ისიც, რომ მოთხოვნის ზრდამ მკვეთრად გაზარდა ფასებიც, ეს კი კიდევ უფრო უბიძგებს ქვეყნებს განახლებადი ენერგიების, ქარისა და მზის ენერგიების ათვისებისკენ.

ენერგიის დაზოგვის გეგმები

ევროკავშირი კრიზისის სამ ეტაპს გამოყოფს: ადრეული გაფრთხილება, განგაში და საგანგებო სიტუაცია. კრიზისის სამივე ეტაპზე ქვეყნებს უნდა ჰქონდეთ გეგმა, თუ როგორ გაუმკლავდებიან მიწოდების შეფერხებას/შეწყვეტას.

გეგმის მესამე ეტაპზე მთავრობას ინტერვენცია მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ ბაზარი მომხმარებლებზე სრულყოფილ მიწოდებას ვერ უზრუნველყოფს.

ახლა ქვეყნები გეგმის პირველ ან მეორე ეტაპზე არიან, ხოლო ზომები, რომლებსაც ისინი მიმართავენ, ბაზრის დივერსიფიკაციას, LNG-ის დამატებით შესყიდვას, ენერგიის დაზოგვასა და ქვანახშირის ელექტროსადგურების ხელახლა ამუშავებას მოიცავს.

ასე მაგალითად, ბულგარეთი, რომელიც გაზის 90%-ს რუსეთიდან იღებს, დათანხმდა აშშ-დან LNG-ის შესყიდვაზე და იწყებს მოლაპარაკებებს აზერბაიჯანთან. დანიაში გეგმის პირველ ეტაპზე არიან - ამ დროისთვის მიწოდება გარანტირებულია, თუმცა მომხმარებლებსა და კომპანიებს დაზოგვისკენ მოუწოდებენ. საბერძნეთი დამატებით გათხევადებულ გაზს მიიღებს და ბუნებრივ აირზე მომუშავე ოთხ ელექტროსადგურს დიზელზე გადაიყვანს.

განსხვავებული მიდგომა აქვთ იტალიაში, სადაც საზოგადოებრივ ადგილებში კონდიციონერების გამოყენებას ამცირებენ. ამან 4 მილიარდი კუბური მეტრი გაზი უნდა დაზოგოს, ეს კი რუსეთიდან იმპორტის 13%-ს უდრის. ელექტროენერგიის წარმოებაში გაზის გამოყენებას ზღუდავს გერმანიაც.

REPowerEU-ს გეგმა კი მოუწოდებს შინამეურნეობებს, თერმოსტატებზე ტემპერატურა 1 ცელსიუსით დაწიონ - ამან წელიწადში 10 მილიარდი კუბური მეტრის დაზოგვა უნდა უზრუნველყოს.

განიხილება გაზის რაციონირებაც. IEA-ის აღმასრულებელი დირექტორის, ფატიჰ ბიროლის თქმით, ამ მექანიზმს მაშინ მიმართავენ, თუ სექტორში ეფექტურობის გაზრდა ვერ მოხერხდება.

„თუ ჩვენ მკაცრი, გრძელი ზამთარი გვექნება და ვერ მივიღებთ შესაბამის ზომებს, მე არ გამოვრიცხავ გაზის რაციონირებას ევროპაში, განსაკუთრებით დიდი ინდუსტრიებისთვის“, - ამბობს ფატიჰ ბიროლი.

ქვანახშირის დაბრუნება

გასულ წელს ქვანახშირი ევროპის ენერგეტიკისთვის ნომერ პირველი მტერი იყო. ეს საწვავი გარემოსთვის ყველაზე დამაბინძურებლად ითვლება და ჯერ კიდევ 2017 წელს პარიზში ევროკავშირის წევრები შეთანხმდნენ, რომ ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურებს გააჩერებდნენ.

ბევრი ქვეყანა ასეც მოიქცა და ელექტროენერგიის გაზით გამომუშავებაზე კონცენტრირდა. ქვანახშირი უკვე წარსულის ნაწილი გახდა, თუმცა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ სურათი შეცვალა - გაზის ფასები 1 მგვტ.სთ-ზე 130$ დოლარსაც კი გადასცდა და თბოსადგურებიც არამომგებიანი გახდა.

ევროპულ ქვეყნებს ახლა კლიმატზე ფიქრისთვის ნაკლები დრო აქვთ და იძულებულნი არიან, ქვანახშირი კვლავ გამოიყენონ საწვავად. ქვანახშირის სადგურები უკვე თითქმის მთელ კონტინენტზე, გერმანიაში, ნიდერლანდებში, იტალიაში, ავსტრიაში, ბულგარეთში და სხვა ქვეყნებშიც ამუშავდა.

„მწარე, მაგრამ აუცილებელი“, - ასე ახასიათებს გერმანიის ეკონომიკის მინისტრი მიღებულ გადაწყვეტილებას.

ქვანახშირს არსებითი დახმარების გაწევა შეუძლია ენერგომოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და აქვს უპირატესობებიც, მაგალითად, მისი ტრანსპორტირება მარტივია და ქვეყნებს საკუთარი მარაგებიც აქვთ, მაგრამ, მისი ფასიც რეკორდულად მაღალია. გარდა ამისა, დეფიციტის აღმოფხვრას მხოლოდ ქვანახშირიც ვერ შეძლებს.

საბოლოო ჯამში, ერთი რამ ნათელია - რუსული გაზის სრულად ჩანაცვლება წელს ევროპისთვის, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნება. თუ რუსეთი გაზის მიწოდებას სრულად შეწყვეტს და ევროპა მის ჩანაცვლებას ვერ შეძლებს, ეს ყველაზე მეტად იმ ინდუსტრიებს დაარტყამს, რომლებიც ენერგიის მაღალი მოხმარებით გამოირჩევიან და წარმოების შემცირება მოუწევთ. მიწოდების შემცირება მოსახლეობისთვის ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა მოსალოდნელია ტარიფების ზრდა.

კახი ჩაკვეტაძე