Samsung რუსეთში პარალელური იმპორტის სქემას იყენებს

„კომერსანტის” ცნობით, სამხრეთკორეული კომპანია, Samsung რუსეთში პარალელური იმპორტით მუშაობს. გამოცემა მთავრობასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით არაპირდაპირი მიწოდების სქემას აღწერს: ელექტროსაქონლის უცხოელი მომწოდებლები, რომლებმაც უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ რუსეთში აქტივები დაიტოვეს, თუმცა წარმოება შეამცირეს, პროდუქციის ექსპორტს ჯერ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებში ეწევიან, რომ შემდეგ ის რუსეთის ფედერაციაში პარალელური იმპორტით დააბრუნონ. ეს უცხოელ მწარმოებლებს საშუალებას აძლევს, დასავლური სანქციების კამპანიას აყვნენ და რუსეთში პირდაპირ მიწოდებაზე უარი ოფიციალურად განაცხადონ, რომ მეორადი სანქციების რისკი აიცილონ.

რუსეთის გარდა, კავშირის წევრი ქვეყნები - ბელარუსი, ყაზახეთი, სომხეთი და ყირგიზეთია.

„კომერსანტის“ ინფორმაციით, Samsung სწორედ ამ სქემას იყენებს. კალუგის ოლქში Samsung-ის ქარხანამ, რომელიც ბრენდის ტელევიზორების უმეტესობასა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მთელ რიგ ნივთებს აწარმოებდა, მუშაობა ნაწილობრივ განაახლა. ამის შესახებ ოლქის ადმინისტრაციამ „კომერსანტს“ ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში აცნობა. ელექტრონიკის ბაზრის წყარომ „კომერსანტს“ აცნობა, რომ ქარხანაში აწყობილი ტელევიზორები ინახება, რომლის რუსეთში პირდაპირი გაყიდვის საშუალებას კომპანია არ იძლევა და „ვარაუდობენ, რომ ჯერ დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტი, შემდეგ კი რუსეთში მათი პარალელური იმპორტი მოხდეს.“

Candy-Hoover Group-ის რუსეთის წარმომადგენლობითი ოფისის ხელმძღვანელი, გლებ მიშინი „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ Samsung-ის რუსული ქარხანა მუშაობს, თუმცა „არ არის ცნობილი, თუ რა კომპონენტებს ამზადებს, რადგან ამჟამად სამხრეთკორეულ კომპანიას რუსეთში სათადარიგო ნაწილების მიწოდება შეჩერებული აქვს.“ ის ადასტურებს, რომ ტელევიზორების რუსეთის მარაგს Samsung დსთ-ს ქვეყნებში ყიდის, თუმცა მიშინმა ზუსტად არ იცის, ბრუნდება თუ არა შემდეგ ეს ტექნიკა შიდა ბაზარზე.

Samsung-ის ბრენდირებულ საცალო მაღაზიებში, რომლებსაც Inventive Retail Group და IRG მართავენ, ევრაზიული კავშირის ქვეყნებში გასაყიდად განკუთვნილ საქონელს უკვე ყიდიან. თუმცა IRG-ში ირწმუნებიან, რომ მაღაზიებსა და ვებგვერდზე წარმოდგენილი საქონელი Samsung-ის მიერ ოფიციალური მიწოდების პერიოდში იყო იმპორტირებული.“

გამოცემის ცნობით, Samsung-ის ტელევიზორების მთლიან გაყიდვებში რუსული ბაზრის წილი 3.2%-ია, ხოლო მათი გაყიდვიდან წლიური შემოსავალი 60 მლრდ რუბლს (1 115 426 908 დოლარს) შეადგენს.

გუშინ „ვედომოსტიმ,“ ასევე, წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩინური კომპანია Honor რუსეთში სმარტფონების პარალელური იმპორტისთვის პარტნიორებს საქართველოსა და სომხეთში ეძებს, ხოლო უზბეკეთში კომპანიამ შეთანხმებას უკვე მიაღწია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ