IEA - ევროპის გაზით მომარაგებაში აშშ-მა რუსეთს პირველად გადაუსწრო

ივნისის შედეგების მიხედვით, აშშ-დან ევროკავშირში თხევადი ბუნებრივი გაზის (LNG) ექსპორტის მოცულობამ „გაზპრომის“ მიწოდებას გადააჭარბა. ამის შესახებ ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ხელმძღვანელმა, ფატიჰ ბიროლმა Twitter-ზე დაწერა.

მისი შეფასებით, ევროკავშირისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტის მიზნით რუსეთის ბოლო ნაბიჯებმა განაპირობა ის, რომ ივნისი გახდა ისტორიაში პირველი თვე, როცა ევროკავშირმა აშშ-დან უფრო მეტი LNG შეიტანა, ვიდრე იქ რუსეთიდან გაზსადენებით შედის.

„რუსეთიდან მიწოდების შემცირება რუსულ გაზზე ევროკავშირის მოთხოვნის შემცირების ძალისხმევას მოითხოვს, რაც მკაცრი ზამთრისთვის მოსამზადებლად აუცილებელია,“ - წერს ფატიჰ ბიროლი, რომელიც არ აზუსტებს, თუ რა რაოდენობის გაზი მიაწოდეს ევროპას რუსეთმა და აშშ-მა.

16 ივნისს „გაზპრომმა“ Nord Stream მილსადენით გაზის მოცულობა 40%-ით შეამცირა. კომპანიამ ეს სანქციებს დააბრალა, თითქოს კანადიდან გარემონტებულ აგრეგატს ვეღარ იბრუნებდა. ამის გამო გერმანიის ხელისუფლებამ გაზის საგანგებო გეგმა ბოლოს წინა ხარისხზე აიყვანა. ქვეყანა შიშობს, რომ თუ ივლისში მიწოდება არ განახლდება, ეს ენერგეტიკის ფასების სამჯერ ზრდასა და ზოგიერთი ინდუსტრიული დარგის გაჩერებას გამოიწვევს.

მარტში შეერთებულმა შტატებმა პირობა დადო, რომ ევროპას 15 მილიარდ კუბურ მეტრ LNG-ს მიაწვდიდა, რათა რუსულ ენერგიაზე ევროკავშირის დამოკიდებულება შეემცირებინა.

2021 წლის ბოლოს რუსეთმა ევროკავშირს მხოლოდ გაზსადენებით 150 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიაწოდა, რასაც 14-18 მილიარდი კუბური მეტრი LNG დაემატა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ