Disney-მ ახალი ლაინერი წარადგინა - როგორია კომპანიის ახალი საკრუიზო გემი (+ფოტო)

Walt Disney-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბობ ჩაპეკმა პირველი ახალი საკრუიზო გემი წარადგინა. Reuters-ის შეფასებით, ეს ჩაპეკისთვის ბოლო ათწლეულის განმავლობაში პირველ კულმინაციურ პროექტად იქცა იმ პროექტებს შორის, რასაც ის ჯერ კიდევ თემატური პარკების ხელმძღვანელად მუშაობის დროიდან კომპანიის დირექტორთა საბჭოს სთავაზობდა.

საკრუიზო ლაინერი, Disney Wish 4 000 მგზავრს იტევს. Reuters წერს, რომ პროექტის ჩაშვება „ნათელი წერტილია“ ბობ ჩაპეკისთვის, რომელიც Disney-ის აღმასრულებელი დირექტორი 2020 წლის თებერვალში გახდა და სამშაბათს სამუშაო კონტრაქტის სამი წლით გახანგრძლივებას მიაღწია ბოლოდროინდელი შიდა დაპირისპირების ფონზე.

diss4-1656836216.jpg

ლაინერის ე.წ. ნათლობის ცერემონიაზე ჩაპეკმა განაცხადა, რომ 144 000-ტონიანი Wish-ის ბაზარზე გამოტანას ექვს წელზე მეტი დასჭირდა. მისი თქმით, „გემზე Disney-ის გასაოცარი პერსონაჟები და ისტორიები წარმოუდგენელ ტექნოლოგიებთან არის შეთავსებული, რომ მგზავრებს სრულიად ახალი შთაბეჭდილებელი შეექმნათ.“

Reuters-ის ცნობით, საკრუიზო ბიზნესი Disney-ის თემატური პარკების, შთაბეჭდილებებისა და პროდუქტების შემუშავების უმსხვილესი განყოფილების ნაწილია, რომელიც პანდემიური ლოკდაუნის შემდეგ აღდგა. მიმდინარე ფისკალური წლის პირველ ნახევარში მისმა საოპერაციო შემოსავალმა 4,2 მლრდ დოლარი შეადგინა, რამაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის 535 მლნ დოლარის ზარალი დააკომპენსირა.

disney-1656836074.jpg

Disney არ ამხელს, თუ რა შემოსავალი მოაქვს კრუიზებს, თუმცა ჩაპეკმა ჯერ კიდევ ნოემბერში განაცხადა, რომ ბიზნესმა პრემიუმ ფასის გათვალისწინებით „ინვესტიციიდან ორნიშნა შემოსავალი“ გამოიმუშავა.

Disney-ის ფლოტში Wish მეხუთე ლაინერია. პარკების განყოფილების უფროსი, ჯოშ დ'ამარო ამბობს, რომ „Disney Cruise Line-ის ისტორიაში ყველაზე დიდი გაფართოება იწყება,“ ხოლო 2025 წლისთვის კომპანიას კიდევ ორი ​​გემი შეემატება.

dis2-1656836218.jpg

ახალი ლაინერი ხაზზე გასვლას ჩქარობს, რადგან, Reuters-ის შეაფასებით, ინდუსტრია კოვიდპანდემიის 15-თვიანი გაჩერების შემდეგ მომხმარებლების დაბრუნებაზე მუშაობს. საკრუიზო ხაზების საერთაშორისო ასოციაციის მონაცემებით, 2023 წლის ბოლოსთვის მგზავრების მოცულობა შესაძლოა, 2019 წლის დონეს დაუბრუნდეს, როცა მთელს მსოფლიოში გემებით 29,7 მილიონმა ადამიანმა იმოგზაურა.

diss-1656836217.jpgdis-1656836221.jpg

დ'ამაროს სჯერა, რომ Disney-ის საკრუიზო ხაზი სრული დატვირთვით აღდგება, რადგან ჯავშნები სტაბილურად გაიზარდა. მისი თქმით, კომპანია Disney Wish-ზე მგზავრებს თავისი პირველი საზღვაო ატრაქციონით, AquaMouse-ით მიიზაიდავს. ეს Disney-ის პარკში გასეირნების მსგავსია, რომელშიც შედის მოკლემეტრაჟიანი ანიმაციიური ფილმებიც მიკისა და სხვა პერსონაჟების მონაწილეობით.

dis1-1656836219.jpg

Wish-ის სიმაღლე 760 ფუტი, ანუ 230 მეტრია. ლაინერი თავის პირველ მოგზაურობაში 14 ივლისს, ფლორიდის პორტ კანავერალიდან გავა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ