ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭო ბიზნესომბუდსმენს ხვდება

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭო ბიზნესომბუდსმენსა და ეკონომიკური საბჭოს მდივანს გიორგი გახარიას ხვდება.

შეხვედრა "თიბისი ბანკის" სათავო ოფისში მიმდინარეობს. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს ხელმძღვანელმა ზვიად ჭუმბურიძემ განაცხადა, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭო ბიზნესმენებსა და სამთავრობო წარმომადგენლებს შორის რეგულარულად მართავს შეხვედრებს.

"დღევანდელი შეხვედრა ამ პროექტის ნაწილია. ჩვენ ვხვდებით საქართველოს ბიზნესომბუდსმენს გიორგი გახარიას. ვფიქრობ, რომ შეხვედრა საინტერესო იქნება, მითუმეტეს, დღევანდელ ვითარებაში. კარგად იცით, როგორი ეკონომიკური მძიმე ვითარებაა ქვეყანაში და ზოგადად, ალბათ, საუბარი იქნება ბიზნესის მხრიდან ლარის კურსზე. თუ რას ფიქრობს ბიზნესომბუდსმენი, ზოგადად როგორი სამოქმედო გეგმაა დასახული ბიზნესომბუდსმენის მხრიდან და რა პრობლემები აქვს თუნდაც ბიზნესკომპანიებს არა მარტო ლართან მიმართებაში, არამედ ზოგადად", - განაცხადა ჭუმბურიძემ.

მისივე თქმით, შესაძლოა, ყველა კომპანიას დალაგებული ურთიერთობა არ ჰქონდეს და იყოს რაღაც საკითხები, რომლებიც სამთავრობო დონეზე იყოს გასარკვევი. "მე რომ მკითხოთ, რაც უფრო მეტი იქნება დიალოგი, შეხვედრა მცირე და საშუალო ბიზნესსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის, განსაკუთრებით ეკონომიკურ გუნდს შორის, ეს იქნება ძალიან საინტერესო. უფრო აქტიური რომ ყოფილიყო, შეიძლება უფრო კარგი შედეგებიც ყოფილიყო და ასეთი ვითარებაც არ შექმნილიყო. ამიტომ ჩვენი ორგანიზაციის ფუნქციაა, რომ ბიზნესსა და მთავრობას შორის დიალოგს ხელი შევუწყოთ. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს გავაკეთოთ", - განაცხადა ჭუმბურიძემ.

შეხვედრის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა ბიზნესომბუდსმენმა და ეკონომიკური საბჭოს მდივანმა გიორგი გახარიამ, რომელმაც განაცხადა, რომ ის კოლეგებს ხვდება, როგორც ბიზნესომბუდსმენი და შეხვედრის ძირითადი თემა იქნება ბიზნესგარემო. "ჩემთვის მთავარია თუ რა მდგომარეობაშია მათი საინვესტიციო გეგმები, რომ ყველანაირად ხელი შევუწყოთ, რათა არანაირი შეფერხება მათ საინვესტიციო გეგმების განხორციელებაში არ იყოს. გვაინტერესებს აქვთ თუ არა მათ რაიმე პრობლემები ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით, რადგან გარემო დღეს აბსოლუტურად თავისუფალია. შეიძლება არსებობდეს გარკვეული რაღაც ბიუროკრატიული შეფერხებები ან სხვა რამ, რაშიც გვინდა, რომ მხარი დავუჭიროთ და დავეხმაროთ", - განაცხადა გახარიამ.

შეხვედრა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოსა და ბიზნესომბუდსმენ გიორგი გახარიას შორის დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.