თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი: ჩრდილოეთ დერეფანი სარისკო გახდა, რაც შუა დერეფანს უფრო მიმზიდველს ხდის

ჩრდილოეთ დერეფანი რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული კრიზისის გამო სარისკო გახდა, რაც შუა დერეფანს უფრო მიმზიდველს ხდის. ამის შესახებ თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა, ფუატ ოქტაიმ აშხაბადში, თურქეთის საელჩოს რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენიცაზე განაცხადა, რასაც სააგენტო Anadolu ავრცელებს.

მისი თქმით, თურქულ მხარეს სურს, სარკინიგზო-საჰაერო ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გამოყენებითა და კასპიის გადაკვეთით შუა დერეფანი ბევრ სფეროში გაააქტიუროს. მაგალითად, თურქეთისთვის თურქმენული ბუნებრივი აირის მიწოდების სამი ვარიანტი მუშავდება, სამ ალტერნატივას შორის კი არის კასპიის გასწვრივ TANAP-ის ხაზის გამოყენება, ასევე, SWAP-ის შეთანხმება ან მილსადენი-ზღვა-მილსადენის მარშრუტი.

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის ცნობით, თურქმენულ მხარესთან ერთად, ასევე, გააქტიურდება ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომ საბაჟო პროცედურები გამარტივდეს, ხოლო ვაჭრობასა და ინვესტიციებში ბიუროკრატიული დაბრკოლებები აღმოიფხვრას.

ფაუტ ოქტაის ცნობით, შედგენილია 72-პუნქტიანი საგზაო რუკა, რაც თურქმენეთთან სავაჭრო ურთიერთობის გაზრდას ისახავს მიზნად. ამჟამად ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობა 2 მლრდ დოლარს შეადგენს, რაც წლის ბოლომდე 3 მლრდ დოლარამდე, შემდეგ 5 მილიარდამდე, ხოლო პერსპექტივაში 10 მლრდ დოლარამდე გაიზრდება.

ვიცე-პრეზიდენტის შეფასებით, თურქმენეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობას 30-წლიანი ისტორია აქვს, ხოლო თურქეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც თურქმენეთის დამოუკიდებლობა აღიარა და ქვეყანაში საელჩო გახსნა.

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ანუ შუა დერეფანი ჩრდილოეთ დერეფანზე უფრო კონკურენტუნარიანი რომ შეიძლება, გახდეს, ამის შესახებ ახლახან ფოთის პორტის ოპერატორი კომპანიის, APM Terminals Poti-ის კომერციულმა დირექტორმა, იან როულინსონმაც განაცხადა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ