CBS-მა რუბლი წლის ყველაზე ძლიერ ვალუტად დაასახელა

რუსული რუბლი 2022 წლის ყველაზე ძლიერ ვალუტად დასახელდა. ამის შესახებ ტელკომპანია CBS ავრცელებს ინფორმაციას.

ტელეკომპანიის ცნობით, დასავლური სანქციების ამოქმედების მომენტის დროისთვის ვარდნის შემდეგ რუსულმა რუბლმა მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა. იანვრიდან მოყოლებული რუბლის კურსი 45%-ით არის გამყარებული დოლართან მიმართებით - წერს CBS საკუთარ ვებ-გვერდზე გავრცელებულ მასალაში.

ტელეკომპანიის ცნობით, აღნიშნულს ხელს უწყობს რუსეთის ხელისუფლების მიერ გატარებული ზომები, რომელიც მკაცრად აკონტროლებს კაპიტალის გადინებას ქვეყნიდან. ამავდროულად, ამას იწვევს ენერგომატარებლებზე გაზრდილი ფასებიც.

„სანქციებმა ნედლეულის ექსპორტის მოცულობა შეამცირა, თუმცა მათზე გაზრდილი ფასებით რუსეთი ამ დანაკლისის კომპენსირებას ახდენს“, - წერია მასალაში.

ამასთან, იმპორტის შემცირების ფონზე და მოქმედი სავალუტო რესტრიქციების გამო რუბლი მკვეთრად არის გამყარებული და ეს პრობლემაა ექსპორტიორებისთვის. რუსეთის ხელისუფლებაში თვლიან, რომ სწორია რუბლი დოლართან მიმართებით 70-80 რუბლის ფარგლებში იყოს. შესაბამისად, ახლა რუსეთის ხელისუფლება ცდილობს, ამ პრობლემის გადაჭრას და სავალუტო ინტერვენციებსაც არ გამორიცხავს რუბლის კურსის სტაბილურობისთვის. უკვე ამ კვირაში რუსეთში აპირებენ განიხილონ, რა ტიპის პრობლემებს ქმნის გამყარებული რუბლი ექსპორტიორებისთვის.

კოკა კვირკველია