ვის ეკუთვნის კომპანიები, რომელსაც ცქრიალა ღვინო რუსეთში გააქვს

საქართველოდან რუსეთში ცქრიალა ღვინის ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში რუსეთში 299,4 ათასი დოლარის ღირებულების ქართული ცქრიალა ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც 147%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შარშან იანვარ-მაისში რუსეთში შამპანურის ადგილობრივმა ექსპორტმა 121,1 ათასი დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება მთლიან მაჩვენებელს, 2022 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან უცხოეთში 757,2 ათასი დოლარის ღირებულების ცქრიალა ღვინის ექსპორტი (ადგილობრივი ექსპორტი) განხორციელდა. აქედან, 39,5% სწორედ რუსეთზე მოდის.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, ვის ეკუთვნის კომპანიები, რომლებიც ცქრიალა ღვინის ექსპორტს რუსეთში ახორციელებენ.

საქსტატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ეს კომპანიებია:

სს ბაგრატიონი-1882 - სამეწარმეო რეესტრში 2010 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის 96,82%-ს ფლობს ლუქსემბურგში დაფუძნებული და რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „კორეილ ინვესტი“, ხოლო 3,18% ეკუთვნის სხვა აქციონერებს.

სს ბადაგონი - კომპანის 2003 წელს დარეგისტრირდა როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება. 2018 წელს ის გადაკეთდა როგორც სააქციო საზოგადოება. 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კი, კომპანიის ერთადერთი აქციონერი იყო გიორგი სალაყაია.

სს თელავის ღვინის მარანი - სააქციო საზოგადოებად 1996 წელს დარეგისტრირდა. 2020 წლის მდგომარეობით, კომპანიის 49,95 % ეკუთვნის ზურაბ რამაზაშვილს, 49,95% - კახა ზუკაკიშვილს, ხოლო 0,10% სხვა აქციონერებს.

შპს ასკანელი ძმები - სამეწარმეო რეესტრში 2010 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის 55%-ს ფლობს გოჩა ჩხაიძე (საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქე), ხოლო 45%-ს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ასკანელი ვაინერი & დისტილერი. თავის მხრივ, ამ უკანასკნელის 100%-იანი წილის მფლობელიც გოჩა ჩხაიძეა. დირექტორია - ირაკლი უგლავა.

შპს ტიფლისსკი ვინნი პოგრებ - კომპანია 2010 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის მფლობელია რუსეთში რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება დკ-სერვის. დირექტორია - ნინო ხაზიური.

შპს ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია - კომპანია 2010 წელს დაფუძნდა. კომპანიის 100%-ს ფლობს სააქციო საზოგადოება მარუსია. თავის მხრივ, ამ უკანასკნელის 100%-ს ფლობს შვეიცარული კომპანია “MBev Holnding AG”. დირექტორები არიან გერმანიის მოქალაქე პატრიკ ჰონეფი და საფრანგეთის მოქალაქე ფილიპ ლესპი-ლაბაილეტი.

ნინი ქეთელაური