3 ფაქტორი, რის გამოც ლარი შესაძლოა, კიდევ გამყარდეს

წლის დასაწყისიდან დღემდე, ლარი 6,89%-ით გამყარდა. „თიბისი კაპიტალის“ პროგნოზით, ეროვნული ვალუტის გამყარება უახლოეს თვეებში გაგრძელდება, ამის მიზეზად კი, 3 ფაქტორი სახელდება.

როგორც "თიბისი კაპიტალის" მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განმარტა, ეს კომპონენტებია: უცხოური ვალუტის შემოდინება-გადინების ბალანსი, ლარის კურსი სხვა რეგიონალურ ვალუტებთან მიმართებით და ინფლაციის მაჩვენებელი.

„თიბისი კაპიტალის“ ჩარჩო ითვალისწინებს სამ კომპონენტს. პირველი ეს არის ვალუტის შემოდინება-გადინების ბალანსი. მარტივად რომ ვთქვათ, კურსისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სავალუტო ბაზარს რამდენი დოლარი მიეწოდება და როგორია მისი გადინება. ამ კომპონენტით ვფიქრობთ, წმინდა შემოდინებები საკმაოდ ძლიერია, რაც მიანიშნებს, რომ ლარის კურსი გააგრძელებს გამყარებას.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დოლარის ჭარბი მიწოდება გვაქვს და ეს ფაქტორი წელს კიდევ გვექნება ბაზარზე.

მეორე, ეს არის ლარის საშუალო კურსი სხვა ვალუტებთან მიმართებით. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენთან ძირითადად დოლარს ვაკვირდებით, მზარდია ევროს როლი, რაც სხვადასხვა მიზეზით, ძალიან კარგია, თუმცა, ასევეა რუსული რუბლი, თურქული ლირა და სხვა რეგიონული ვალუტები... ანუ, აქ მნიშვნელოვანია, სად არის ლარი, სხვა რეგიონალურ ვალუტებთან მიმართებით. მეორე კომპონენტის მიხედვით შეფასება დიდწილად არის ნეიტრალური, რაც მიუთითებს არც გამყარებაზე და არც გაუფასურებაზე.

მესამე არის ინფლაცია. ეს არის არგუმენტი, რაც ასევე ლარის მხარდამჭერია, იმიტომ, რომ პრაქტიკულად გამოვრიცხავთ ასეთ ინფლაციურ გარემოში ლარის დამატებით გაუფასურებას, იმ ორი ფაქტორის გათვალისწინებით, რაც უკვე მოგახსენეთ“,- განაცხადა ოთარ ნადარაიამ.

ნინი ქეთელაური