ლუდის მწარმოებლები ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას აპირებენ

ლუდის მწარმოებლები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდებიან.

ამის შესახებ EFFES Georgia-ს კორპორაციულ საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოსა და ბიზნესომბუდსმენ, ეკონომიკური საბჭოს მდივან გიორგი გახარიას შორის "თიბისი ბანკის" სათაო ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო 3 კვირაა ლუდის ინდუსტრიის წარმომადგენლების მხრიდან მიმდინარეობს კამპანია - "არ გამიძვირო ლუდი". "ბიზნესომბუდსმენი, ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია არის ერთადერთი პიროვნება, რომელიც ჩვენთან კონტაქტზეა. შესაბამისად, მასთან რამდენიმე შეხვედრა გვქონდა. მივიღეთ იმის რწმუნებულობა, რომ ჩვენთან სექტორულად გაიმართება შეხვედრა უფრო მაღალ დონეზე - პრემიერ-მინისტრის დონეზე და ჩვენი საკითხები, რაც 3 კვირის განმავლობაში დავსვით, იქნება ამა თუ იმ ფორმით გათვალისწინებული. დღეს ზუსტად ვერ ვაკონკრეტებ, თუმცა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ აუცილებლად გახდება ცნობილი", - განაცხადა ხუნძაკიშვილმა.

მისივე თქმით, შეხვედრის ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის, თუმცა მიღებულია პრინციპული გადაწყვეტილება, რომ ლუდის ინდუსტრიის წარმომადგენლებს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა ექნებათ. "შეხვედრის დღე მომავალ კვირას დაკონკრეტდება", - განაცხადა ხუნძაკიშვილმა.