მარტის დასაწყისიდან ლუდის 30%-ით გაძვირებას ვარაუდობენ

EFFES Georgia-ს კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი, მარტის დასაწყისიდან აქციზის გაზრდისა და ლარის კურსის ცვლილების გამო, ლუდზე ფასის დაახლოებით, 30%-ით მატებას ელოდება.

ამის შესახებ EFFES Georgia-ს კორპორაციულ საქმეთა დირექტორმა, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოსა და ბიზნესომბუდსმენ, ეკონომიკური საბჭოს მდივან, გიორგი გახარიას შორის "თიბისი ბანკის" სათავო ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. ხუნძაკიშვილი აცხადებს, რომ ლარის კურსის გაუფასურება ლუდის ფასზე გავლენას იქონიებს.

"ლარის კურსი გავლენას, რა თქმა უნდა, იქონიებს იმდენად, რამდენადაც ჩვენი კომპანიების დაახლოებით, 50-დან 70%-მდე ხარჯი დოლარშია გაღებული, შესაბამისად, ჩვენი შემოსავალი არის ლარში. ეს აუცილებლად იქონიებს გავლენას, თუმცა საბოლოოდ, ეს გახდება ცნობილი მარტის დასაწყისში, როდესაც ჩვენ ჩვენს პროდუქციაზე ფასებს გავზრდით. იმდენად ხდება ცვალებადობა, რომ ამ ეტაპზე დაახლოებით, 30%-იან ზარდას ველოდებით, თუმცა შეიძლება, ეს პროგნოზი შეიცვალოს აქციზისა და ლარის კურსის ცვლილებების გამო", - განაცხადა ხუნძაკიშვილმა.

მისივე თქმით, ლუდის ინდუსტრიის წარმომადგენლები საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდებიან, თუმცა ამ ეტაპზე შეხვედრის ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის.