აფბა: ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯები დაგვიანებულია

"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" შეფასებით, ეროვნული ბანკის ქმედებები ლარის დევალვაციის მასშტაბის არაადეკვატურია.

როგორც ,,აფბას" პრეზიდენტმა ნოდარ ჭიჭინაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ,,დოლართან მიმართებაში ლარის კურსის ვარდნა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, თუმცა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში განვითარებული პროცესები აჟიოტაჟის და პანიკის აშკარა ნიშნებს შეიცავს".  "აფბას" შეფასებით, ბოლო 3 თვეში ლარი 30%-ით გაუფასურდა, თუმცა ეროვნული ბანკის ქმედებები ერთხელაც არ ყოფილა პრევენციული, მკვეთრი რყევის გამანეიტრალებელი და სებ-მა სიმბოლური ჩარევა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც ბაზარზე აჟიოტაჟურმა და პანიკურმა განწყობილებამ პიკს მიაღწია.

"ახალგაზრდა ფინანსისტები" მივიჩნევთ, რომ სებ-მა 200 მილიონი დოლარის სავალუტო რეზერვი არაეფექტიანად გამოიყენა. დევალვაციის ასეთ მასშტაბს გაცილებით დიდი მოცულობის ინტერვენცია სჭირდებოდა, თან მანამდე, ვიდრე სიტუაცია პანიკაში და აჟიოტაჟში გადაიზრდებოდა. უკონტროლო სიტუაციის შემობრუნება გაცილებით რთულია და გაცილებით მეტი რესურსის დახარჯვას მოითხოვს. ყოვლად გაუგებარია, რას უკავშირდებოდა ეროვნული ბანკის პასიურ პოზიციაში ყოფნა და სავალუტო ინტერვენციების დაწყება აჟიოტაჟის ვითარებაში, რის გამოც სებ-ის მიერ აუქციონზე გამოტანილი რესურსის უკვალოდ შთანთქმა მოხდა და არა მაშინ, როდესაც ლარის დევალვაციის პროცესი საწყის სტადიაზე იყო და ბაზარზეც გაცილებით მეტი სიმშვიდე იყო. ასევე, კითხვებს ბადებს კიდევ ერთი გარემოება. ბოლო წლებში და მათ შორის 2013-2014 წლებში, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონებიდან უფრო მეტი დოლარი ამოიღო, ვიდრე გაყიდა, უფრო კონკრეტულად, 2013-2014 წლებში ეროვნულ ბანკს ნაყიდი (ამოღებული) ჰქონდა 775 მილიონი დოლარი და გაყიდული (დაბრუნებული) 540 მილიონი დოლარი, ანუ 235 მილიონი დოლარი. "აფბას" შეფასებით, დოლარის მასის ამოღების ზრდის ფონზე, საჭირო მომენტში ინტერვენციების განხორციელებისგან თავის შეკავება იყო ეროვნული ბანკის შეცდომა, ხოლო ამაზე დიდი შეცდომა კი რეზერვების დაგვიანებული ხარჯვა აღმოჩნდა", - განაცხადა ჭიჭინაძემ.

"ახალგაზრდა ფინანსისტები" მიიჩნევენ, სებ-ის მიერ გადადგმული ნაბიჯები არის დაგვიანებული და არაეფექტიანი. ეროვნულმა ბანკმა ვერ აღკვეთა პანიკური განწყობილების ფორმირება და ბაზარზე აჟიოტაჟური ქმედებები, შესაბამისად, სებ-ის ინტერვენციები ტოვებს სიმბულურობის და პასუხისმგებლობის არიდების შთაბეჭდილებას.