"მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი" დაიწყო

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ "მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი" დაიწყო.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი მარიანა მორგოშია, "მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების პროექტის" მენეჯერი დავით კიკნაძე და შპს მექანიზატორის დირექტორი ზვიად ჩხაიძე დღეს გურიის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელს ქეთევან მოისწრაფაშვილს და გამგებლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

"მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის" ფარგლებში, წინასწარი მონაცემებით, დახმარებას გურიის 49014 ბენეფიციარი მიიღებს, აქედან ხვნის ბარათს - 28317ფერმერი. "მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტში" წელს 800 ათასი ფერმერი მიიღებს მონაწილეობას და მისი ბიუჯეტი 50 მილიონ ლარს შეადგენს. სახნავი მიწებისა და ბარათების დარიგების არეალი გაფართოვდა და მას დაემატა ქუთაისს, ფოთსა და რუსთავს შემოერთებული სოფლები.

მთავრობის ინიციატივით სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი 2013 წელს დაიწყო. წელს სამწლიანი პროგრამის ბოლო ეტაპია. სამთავრობო პროგრამა სოფლად მცხოვრებლების ფერმერულ მეურნეობად ჩამოყალიბების მიზნით მათ ხელშეწყობას ითვალისწინებდა.

გასული წლებისგან განსხვავებით, წელს ფერმერები დახმარებას შეცვლილი სახით მიიღებენ.

• ბენეფიციარები, რომლებსაც გააჩნიათ 0.25 დან 1.25 ჰექტარის ჩათვლით სახნავი მიწის ფართობი, მიიღებენ მხოლოდ ხვნის ბარათს, 1 ჰექტარზე 140 ლარის გაანგარიშებით.

• ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში აქვთ 0.25-მდე მიწის ფართობი, წელს ისარგებლებენ 50 ლარიანი აგრო ბარათით.

• ბენეფიციარები, რომლებიც 0.25-დან 1.25 ჰას ჩათვლით მიწის ფართობს იყენებენ მრავალწლიანი კულტურების წარმოებისთვის, მიიღებენ 1 ჰაზე 140 ლარის ოდენობის სასოფლო სამეურნეო საქონელს.

ნიადაგის ხვნის სამუშაოებს შპს "მექანიზატორი" და კონტრაქტორი კომპანიები უზრუნველყოფს. კონტრაქტორი კომპანიების რეგისტრაცია სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში უკვე დაწყებულია.

"აგრო ბარათით" მომსახურებას ფერმერებს წელსაც "ლიბერთი ბანკი" გაუწევს. პლასტიკური ბარათით ფერმერს შესაძლებლობა ექნება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლის შეძენა (სასუქები, სათესლე, სანერგე მასალა, მცენარეთა მოვლის საშუალებები) ნაწილ-ნაწილ, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მომწოდებლისგან მიიღოს. "მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშოების ხელშეწყობის პროექტი" თებერვლიდან დაიწყება და 1-ელ დეკემბერს დასრულდება.