ყველაზე მკვეთრი გაუფასურება 2002 წლის შემდეგ - ევრო დოლართან პარიტეტის ზღვარზეა

ევროკავშირის ვალუტა ამერიკული დოლარის მიმართ მკვეთრად უფასურდება და მისი კურსი 20-წლიან მინიმუმზეა. ახლანდელი მდგომარეობით, ერთი ევროთი 1.017 დოლარის ყიდვაა შესაძლებელი.

ევროს გაუფასურებას მსოფლიოში რეცესიის მოლოდინი, ინფლაცია, გაზის ფასების ზრდა და ომის გაჭიანურება განაპირობებს. გაფიცვებმა ნორვეგიაში და რუსეთიდან მიწოდების შეწყვეტის საფრთხემ ევროზე ნეგატიურად იმოქმედა. წლის დასაწყისიდან დღემდე ვალუტა 9%-ითაა გაუფასურებული.

aaa-1657112670.jpg

წყარო: Bloomberg

ევროზონის ინფლაციამ ივნისში რეკორდული 8.6% შეადგინა, რამაც აიძულა ევროპის ცენტრალურ ბანკს გაემკაცრებინა მონეტარული პოლიტიკა და 11 წლის შემდეგ პირველად გაეზარდა საპროცენტო განაკვეთები 25 საბაზო პუნქტით.

როგორც წესი, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ვალუტის გამყარებას იწვევს, თუმცა, როგორც ჩანს, ევროპული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საკმარისი არ აღმოჩნდა და სამომავლოდ ამის გაკეთება, ალბათ, ისევ მოუწევს, თუმცა ეკონომიკის ზედმეტად შენელება რეცესიის რისკს ზრდის.

შედარებისთვის, აშშ-ს ფედერალურმა რეზერვმა ინფლაციასთან გასამკლავებლად მეტად აგრესიული პოლიტიკა აირჩია და საპროცენტო განაკვეთები 150 საბაზო პუნქტით გაზარდა, თვის ბოლომდე კი კიდევ 75 პუნქტით გაზრდას აპირებს.

ევროსგან განსხვავებით მყარდება დოლარი. დოლარის ინდექსი, რომელიც 6 უცხოური ვალუტის (ფუნტი, ევრო, ფრანკი, იენი, კანადური დოლარი, კრონა) მიმართ დოლარის კურსს ასახავს, 2002 წლის შემდეგ ყველაზე მეტადაა გაზრდილი, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ კი თითქმის 10%-ით.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპული ცენტრალური ბანკი რეცესიას მიმდინარე წელს არ პროგნოზირებს, ექსპერტების ვარაუდი სხვაგვარია და მათი აზრით, თუ მოცემულობა არ შეიცვალა, ევროზონაში რეცესია მეოთხე კვარტალში დაიწყება.

ექსპერტები ვარაუდობენ იმასაც, რომ ევროსა და დოლარს შორის პარიტეტი (მდგომარეობა, როცა 1 დოლარით 1 ევროს ყიდვაა შესაძლებელი და პირიქით) მხოლოდ დროის ამბავია იმ პირობებში, როცა ევროპული ეკონომიკები მაღალ ინფლაციას ებრძვიან, შრომით ბაზრებზე არეულობაა და ვერც ენერგოსექტორი გამოირჩევა მდგრადობით.

რეცესიის მზარდი საფრთხე უკვე ნავთობის ფასებზეც აისახა და ორი თვის განმავლობაში პირველად ნედლი ნავთობის ფასები ბარელზე 100 დოლარს ჩამოსცდა. კვლავ მერყევი მდგომარეობაა აქციების სავაჭრო ბირჟაზეც.

კახი ჩაკვეტაძე