შიდა ფრენებზე მოთხოვნა იზრდება - რა სიხშირით განხორციელდება ფრენები 11 ივლისიდან

შიდა ფრენებზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, აეროპორტების გაერთიანება რეისებს ამატებს. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, ფრენების სიხშირე გაიზრდება როგორც მესტიის, ასევე ბათუმისა და ამბროლაურის მიმართულებით. ახალი განრიგი შიდა ფრენებზე 11 ივლისიდან 31 აგვისტომდე იმოქმედებს.

ახლა, ფრენები ბათუმი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით ორშაბათს, ოთხშაბათს პარასკევსა და კვირას ხორციელდება. ნატახტარი-მესტია-ნატახტარი ორშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს. რაც შეეხება ამბროლაურს, 1-10 ივლისის განმავლობაში ამბროლაურში რეისები მხოლოდ პარასკევსა და კვირას სრულდება.

აეროპორტების გაერთიანებაში ამბობენ, რომ 11 ივლისიდან მესტიისა და ბათუმის მიმართუებით ფრენები კვირაში 7-ჯერ შესრულდება, ამბროლაურში კი კვირაში 3-ჯერ.

„ზაფხულის განრიგით, მესტიის აეროპორტის მიმართულებით ივლისსა და აგვისტოში ფრენები ნატახტარიდან და პირიქით, კვირაში 7 ჯერ შესრულდება. ხოლო, მესტიიდან ქუთაისის მიმართულებით და პირიქით, კვირაში ერთი სიხშირით სრულდება. რაც შეეხება ამბროლაურს, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე კვირაში 3 სიხშირით შესრულდება. ბათუმის მიმართულებით კი ფრენები მესტიის მსგავსად, კვირაში 7 ჯერ შესრულდება“ - განუცხადეს ,,ბიზნესპრესნიუსს“ უწყებაში.

რაც შეეხება აღდგენის დინამიკას, აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, თვის სტატისტიკური მონაცემები შიდა ფრენებთან მიმართებაში ასე გამოიყურება:

მესტია - 2022 წელი (იანვარი-მაისი) 2019 წელთან (იანვარი-მაისი) შედარებით 119% აღდგა მგზავრთნაკადი, 96%-ით რეისების რაოდენობა.

ამბროლაური - 2022 წელი (იანვარი-მაისი) 2019 წელთან (იანვარი-მაისი) შედარებით 169% აღდგა მგზავრთნაკადი და 184%-ით რეისები.

ბათუმი - შიდა ფრენებზე 2022 წელი (იანვარი-მაისი) 2019 (იანვარი-მაისი) წელთან შედარებით 51% აღდგა მგზავრთნაკადი და 51%-ით რეისები.

ამასთან, მესტია 2022 წელს (იანვარი-მაისი) მოემსახურა 2784 მგზავრს. ამბროლაური 2022 წელს (იანვარი-მაისი) მოემსახურა 634 მგზავრს.

ბათუმი შიდა ფრენებზე 2022 წელს (იანვარი-მაისი) მოემსახურა 1995 მგზავრს.

ინფორმაციისთვის, ფრენებს სამივე მიმართულებით, ავიაკომპანია Vanilla Sky Georgia ასრულებს.

თამარ მუკბანიანი