ბათუმის ავტოპარკი სრულად განახლდება

ბათუმის მერია აჭარის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით 60 ერთეული, თანამედროვე სტანდარტის, ახალი ავტობუსის შეძენას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში 8 ელექტრო და 40 ISUZU-ს ტიპის ახალი ავტობუსი შეიძინეს და უახლოეს პერიოდში ძველი, ყვითელი ავტობუსები თანამედროვე ავტობუსებით ჩანაცვლდება.

„დავიწყეთ პროცედურები ბათუმის ავტოპარკის განახლებასთან დაკავშირებით. აჭარის მთავრობისა და ბათუმის მუნიციპალიტეტის ფინანსური რესურსის მობილიზებით, ბათუმს 60 ერთეული, თანამედროვე სტანდარტის, ახალი ავტობუსი შეემატება. ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ შევიძინეთ ეკოლოგიურად სუფთა, ადაპტირებული 8 ელექტრო და 40 ISUZU-ს ტიპის ახალი ავტობუსი. ჩვენი ამბიციაა, უახლოეს პერიოდში ბათუმის ავტოპარკი სრულად განახლდეს და ძველი, ყვითელი ავტობუსები თანამედროვე ავტობუსებით ჩანაცვლდეს. ასევე გრძელდება ელექტროტაბლოების განახლება, რომელიც EBRD-ის გრანტის ფარგლებში ხორციელდება. გათვალისწინებულია 60 ერთეული ახალი საინფორმაციო ტაბლოს დამონტაჟება. ასევე იგეგმება ინტეგრირებული აპარატების სისტემის დანერგვა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება მგზავრობის საფასურის გადახდა ნებისმიერი საბანკო ბარათით. რაც შეეხება საგზაო მონიშვნებს, ქალაქის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს“, - აღნიშნა არჩილ ჩიქოვანმა.

ჩიქოვანის ინფორმაციით, ასევე მიმდინარეობს მუშაობა პარკირების ოპტიმიზაციისა და ველოსიპედების საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაში ინტეგრაციაზე.

„მოგეხსენებათ, ყველა ტურისტული ქალაქისთვის გამოწვევას წარმოადგენს პარკირების საკითხი. ამასთან, ბათუმში საგრძნობლად იმატა ავტომობილების რაოდენობამ, რამაც, გარკვეულწილად, განაპირობა საპარკინგე სივრცის ნაკლებობა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ საერთაშორისო პროექტის ფარგლებში ვმუშაობთ პარკირების ოპტიმიზაციისა და ეფექტური მართვის კუთხით. ბათუმში, როგორც ტურისტულ ქალაქში, საკმაოდ პოპულარულია ველოტრანსპორტი. აქედან გამომდინარე, ვმუშაობთ ველოგადაადგილების გენგეგმაზე, რომელიც უკვე დასრულების ეტაპზეა. გენერალური გეგმა უზრუნველყოფს ველოსიპედის, როგორც ურბანული ტრანსპორტის სახეობად დანერგვასა და მის ინტეგრაციას საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაში.

აღნიშნული პროექტების დასრულების შემდეგ, გადაადგილების მიმართულებით ბათუმი გახდება ყველაზე კომფორტული ქალაქი, რაც აისახება როგორც ქალაქის სტუმრების, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხზე. ცხადია, ჩვენთვის პრიორიტეტულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება და ეს ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა“, - აღნიშნა არჩილ ჩიქოვანმა.