ბიძინა ივანიშვილი: ყველა ობიექტური ფაქტორის გათვალისწინებით, დღეს ლარის გაცვლითი კურსი 2.0 ლარს არ უნდა აღემატებოდეს

ყველა ობიექტური ფაქტორის გათვალისწინებით, დღეს ლარის გაცვლითი კურსი არ უნდა აღემატებოდეს 2.0 ლარს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც "საზოგადოება 20/30" ავრცელებს.

მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, რომელიც ლარის კრიზისზე პასუხისმგებლობას ეროვნული ბანკის პრეზიდენტს აკისრებს, გიორგი ქადაგიძეს "ადეკვატური ნაბიჯების" გადადგმისკენ მოუწოდებს. "ვალუტის კურსის ნახტომისებური ცვლილების თავიდან აცილების მიზნით რეგიონის სხვა ქვეყნების ცენტრალურმა ბანკებმა რეზერვების მნიშვნელოვანი ნაწილი გაიღეს (სომხეთი - 34%, მოლდოვა - 30%), რამაც დღეისთვის მათი ვალუტების სტაბილურობის ტენდენცია განაპირობა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კი ოფიციალური რეზერვების მხოლოდ 5%-მდე (120 მლნ დოლარი) დახარჯა, რაც შედეგს ვერ გამოიღებდა და ვერც გამოიღო. ეროვნულ ბანკს აქვს შესაბამისი ბერკეტი, რომ უზრუნველყოს მცურავი კურსის პირობებში ეროვნული ვალუტის დასტაბილურება. ყველა ობიექტური ფაქტორის გათვალისწინებით, დღეს ლარის გაცვლითი კურსი არ უნდა აღემატებოდეს 2.0 ლარს და მოვუწოდებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, შეასრულოს კონსტიტუციური მოვალეობა და გადადგას ადეკვატური ნაბიჯები", - აცხადებს ყოფილი პრემიერი.

ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ქვეყანა ეროვნული ვალუტის კრიზისამდე სწორედ ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძის "უმოქმედობამ" მიიყვანა. "სწორედ ეროვნული ბანკის კომპეტენცია და პირდაპირი მოვალეობა იყო სიტუაციის სწორად მართვა, რათა საქმე არ მისულიყო არაადეკვატურ განვითარებამდე. ჩვენ კი დავინახეთ საწინააღმდეგო, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დანიშნულმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ თავისი უმოქმედობითა და არასწორი ქმედებებით მიგვიყვანა ეროვნული ვალუტის კრიზისამდე", - აღნიშნავს ბიძინა ივანიშვილი.