რატომ აძვირებენ „მაგთი“ და „სილქნეტი“ ტარიფებს - მცირე და საშუალო ოპერატორების ასოციაციის განმარტება

„მიგვაჩნია, რომ ეს არის ჯანსაღი პროცესი, მიუხედავად იმისა, რომ 2-3 ლარიანი ცვლილება მომხმარებლებისთვის არ არის სასიამოვნო და ეს ლოგიკურიცაა. თუმცა, ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი ბაზარს გააჯანსაღებს. ასევე, დაიცავს მას დემპინგური ფასებისგან“,- ამის შესახებ მცირე და საშუალო ოპერატორების ასოციაციის ხელმძღვანელმა უჩა სეთურმა „მაგითისა“ და „სილქნეტის“ მიერ ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით, რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში„საქმე“ განაცხადა.

ცნობისთვის, „მაგთი“ და „სილქნეტი“ მომსახურებას აძვირებენ. ამის შესახებ კომპანიებმა აბონენტებს 1 თვით ადრე აცნობეს. შედეგად, აგვისტოდან „სილქნეტის“ მომხმარებლებს მობილური ინტერნეტი დაახლოებით, 50 თეთრიდან 2 ლარამდე უძვირდებათ, „მაგთის“ შემთხვევაში, უქმედება ზარის წამოწყება 12- თეთრი, შესაბამისად, მომხმარებლებს პირველივე წუთიდან ფიქსირებული 24 თეთრის გადახდა მოუწევთ. ამასთან, იზრდება ინტერნეტის საფასურიც.

თავის მხრივ, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, რომ კომპანიების გადაწყვეტილებას შეისწავლიან.

„არის რამდენიმე ფაქტორი, რაც საყურადღებოა. ზუსტი მონაცემები, თუ როგორ ნაწილდება ხარჯები ამ კომპანიების მიერ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის უცნობია, თუმცა ეს ინფორმაცია აქვს კომისიას და იმედი გვაქვს, რომ ჩვენ ვიხილავთ მონაცემებს იმის შესახებ, თუ როგორ ნაწილდება ამ კომპანიების დანახარჯები.

აქ გვაქვს ორი მომენტი, 2021 წლის ანგარიში გვეუბნება, რომ თითო აბონენტზე გაანგარიშებით, ხარჯი შეადგენს 18-დან 20 ლარამდე, ეს არის თვითღირებულება მომსახურების. გარდა ამისა, რადიკალურად არის გაზრდილი ინტერნეტის მოხმარება, მათ შორის, მობილურ და თავისთავად, ფიქსირებულ ქსელებში. ასევე, ერთ-ერთი მთავარი ამბავი, არის ის, რომ საბითუმო დონეზე, საერთაშორისო პროვაიდერების შემთხვევაში ანგარიშსწორება ხდება დოლარში. თუმცა, ლოკალური ხარჯებიც საკმაოდ გაზრდილია და მასზე განსაკუთრებით დამოკიდებული არიან მობილური ოპერატორები, რადგან მათ ანძები აქვთ ისეთ ლოკაციებზე, სადაც ხშირად დენიც კი არ არის და ისინი ძალიან არიან დამოკიდებული მათ შორის, დიზელის საწვავზე.

აქ კიდევ ერთი მომენტია, რომელიც უნდა ითქვას, რეგიონებში, სამწუხაროდ, თბილისისგან განსხვავებით, ფასების თვალსაზრისით ორმაგი და სამმაგი შეთავაზება იყო. მაგალითად, ფიქსირებული ინტერნეტი და მობილური, ან ტელევიზია (ამ ყველაფერთან ერთად), საკმაოდ დაბალ ფასად. ამიტომ, მიგვაჩნია, რომ ეს არის ჯანსაღი პროცესი, მიუხედავად იმისა, რომ 2-3 ლარიანი ცვლილება მომხმარებლებისთვის არ არის სასიამოვნო და ეს ლოგიკურიცაა. თუმცა, ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი ბაზარს გააჯანსაღებს. ასევე, დაიცავს მას დემპინგური ფასებისგან და რეგიონში დემპინგური შეთავაზებებისგან, რომელიც უბრალოდ ანგრევდა ბაზარს. შემიძლია ეს თამამად განვაცხადო“,- აღნიშნა უჩა სეთურმა.

ნინი ქეთელაური