საქართველოსა და მოლდოვას მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის შექმნა იგეგმება

საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ინტენსივობის ამაღლების მიზნით, ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის შექმნა იგეგმება.

აღნიშნულ საკითხზე მზაობა საქართველოსა და მოლდოვას პრემიერ-მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე გამოთქვეს, რომელიც ბრიუსელში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. საქართველოს პრემიერმა მოლდოველ კოლეგას, კირილ გაბურიჩის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მოლდოვასთან ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრისას აღნიშნა, საქართველოსთვის პრიორიტეტულია თანამშრომლობა ევროინტეგრაციისა და სავიზო ლიბერალიზაციის საკითხებზე გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის წარმატებულ თანამშრომლობას საბაჟო და სამართალდამცავ სფეროში გამოცდილების გაზიარების მიმართულებით.

მოლდოვას პრემიერ-მინისტრმა ქართველ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.