თბილისი საერთაშორისო პროექტ "Morgenstadt City Challenge"-ში ჩაერთვება

თბილისი საერთაშორისო პროექტ "Morgenstadt City Challenge"-ში ჩაერთვება.

"მომავლის ქალაქი" - ასე ეწოდება პროექტს, რომელიც ქალაქებს შორის მასშტაბურ კონკურსს გულისხმობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა უკვე რამდენიმე წელია ახორციელებს.

"ქალაქებს, რომლებიც ურბანული გამოწვევებისათვის მზადყოფნას გამოთქვამენ, კონკურსში მონაწილეობის საშუალება ეძლევათ. აღნიშნულ კონკურსში თბილისის არქიტექტურის სამსახურმა 2014 წელს მიიღო მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისს მესამე ადგილი ხვდა წილად, ქალაქისადმი დიდი ინტერესის გამო ჟიურიმ გადაწყვეტილება მიიღო, თბილისი "მომავლის ქალაქების" ქსელში ჩაერთო. ჟიურის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრომ (BMZ) და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (KFW), რომლებმაც პროექტის დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღეს", - აცხადებენ თბილისის მერიაში.

მათივე განმარტებით, ამ ეტაპზე თბილისსა და გერმანულ მხარეს შორის საბოლოო საკითხების შეთანხმება მიმდინარეობს, ხოლო პროექტი სტარტს გაზაფხულიდან აიღებს. "თბილისის ახალი ურბანული განვითარების სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობა ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება, რის შემდეგაც თბილისი რეგიონში პირველი "მომავლის ქალაქი" იქნება", - განმარტავენ დედაქალაქის მთავრობაში.