ზურაბ ტყემალაძე: ლარის კურსი ხელოვნურად არის დაცემული

საქართველოს ეროვნულ ბანკს მეტი ფხა რომ გამოეჩინა, ლარის კურსის ასეთ ვარდნას ადგილი არ ექნებოდა - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის ხელმძღვანელმა, ზურაბ ტყემალაძემ განუცხადა.

ტყემალაძის შეფასებით, ლარის კურსი ხელოვნურად არის დაცემული და დოლართან მიმართებით იმ ნიშნულზე არ უნდა იყოს, რაც ბოლო დღეებში დაფიქსირდა. დეპუტატის აზრით, სპეკულაციურ მარჟას აქვს ადგილი.

"ლარის გაუფასურების საკითხთან დაკავშირებით პოზიციას არ ვცვლი. მე აქამდეც ვსაუბრობდი და ახლაც ვამბობ, რომ ეროვნულ ბანკს საკუთარი პოზიცია თავის დროზე უნდა გამოემჟღავნებინა. მისი რეაქცია დაგვიანებული იყო. ამის ბევრი მაგალითი შემიძლია დავასახელო. მაგალითად, მან იანვრის ბოლოს გამოაცხადა, რომ გადაწყვეტილებას 12 თებერვალს, ანუ ორი კვირის შემდეგ მიიღებდნენ, როცა საჭირო იყო ოპერატიული ჩარევა. ლარის კურსის რყევას ხელს უწყობს აჟიოტაჟი, მთელი რიგი ფაქტორები, მათ შორის არსებული საგარეო ფაქტორები. მაგრამ კურსი არ დადგა სტაბილურ ნიშნულზე და ამის მიზეზი ეროვნული ბანკის დაგვიანებული რეაქციაა. ძალიან კარგი იყო, როცა ეროვნულმა ბანკმა ერთი-ორჯერ მთავრობასთან მუშაობა გაააქტიურა, თუმცა შემდეგ ისევ გაემიჯნა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვები საკმარისად არ გამოიყენა, რითაც შეიძლებოდა დანაკლისის შევსება", - განუცხადა ჟურნალისტებს ტყემალაძემ.

ზურაბ ტყემალაძემ იმედი გამოთქვა, რომ ეროვნული ბანკი მთავრობასთან აქტიურად ითანამშრომლებს და ლარის კურსის გამოსწორების მიზნით ყველა ზომას მიიღებს. საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ლარის კურსის მკვეთრ დაცემაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე დაადანაშაულა.