ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო "St-ART-up მარათონს" ატარებს

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო საქართველოში პირველად პროექტს "St-ART-up მარათონს" ატარებს.

პროექტი ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, გაიარონ ტრენინგი ბიზნეს იდეების ჩამოყალიბებისთვის, შეიმუშაონ იდეები, რომელთა განხორციელებაც ლაზერული მჭრელის გამოყენებით იქნება შესაძლებელი, შექმნან პირველადი პროტოტიპები, მიიღონ რჩევები მენტორებისგან, შექმნან პროდუქციის საცდელი პარტია სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის ბაზაზე, გაიტანონ პროდუქცია გასაყიდად სახალხო გამოფენა-გაყიდვაზე "თბილისი მოლში" და მიიღონ უფლება, ისარგებლონ უფასოდ სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის სერვისით ორი თვით.

კონკურსი დღეს, 11:00 საათზე, ილიას უნივერსიტეტის B202 აუდიტორიაში (ჭავჭავაძის ქ. 32) აიღებს სტარტს. ყველა დარეგისტრირებული პირი სატრენინგო კურსს გაივლის, ლაზერული მჭრელის (Laser Cutter) მუშაობის პრინციპის შესახებ. ტრენინგის შემდეგ ორდღიანი მარათონი დაიწყება, სადაც გუნდები კონკრეტული პროდუქტის შექმნისათვის იმუშავებენ.